Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 5 კი ქორწილს


კორონავირუსის 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, 5 შემთხვევა უკავშირდება ფართომასშტაბიან ქორწილს, რომელიც თბილისში გაიმართა. რაც შეეხება მონაცემებს ჩაშლილად:

„3 არის „დონას“ კლასტერი, 19 გახლავთ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გახლავთ, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის და კონტაქტების გამოვლენის თვალსაზრისით“, - განუმარტა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

მისი მონაცემებით, ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 381 ადამიანი მკურნალობს, მათგან 17-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 3-ის კრიტიკულად მძიმე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია-19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG