Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება


მარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას შეფასებით, კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევის გამოვლენა, რაც საქართველოში დღიური რეკორდული მაჩვენებელია, მას აფიქრებინებს, რომ დაავადების ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებელი შეიცვალა და მართალია, ამ მაჩვენებლით საქართველო მწვანე ზონაში რჩება, მაგრამ დაავადებამ უფრო ინტენსიური გავრცელების ხასიათი შეიძინა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინციდენტობის, ავადობის მაჩვენებელი ქვეყანაში არის 8, ქვეყანა მწვანე ზონის სტატუსს კი 10 ქულის ზემოთ კარგავს. მისი თქმით, ამ მხრივ აჭარაში არასახარბიელო მდგომარეობაა:

„აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელია 42,4, რაც ნიშნავს, რომ თვითონ აჭარის რეგიონი წითელი ზონაა. ამიტომ იქ ალბათ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, რაც ნიშნავს რეკომენდაციის შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების ალბათ გაძლიერებას და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოვებას“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG