Accessibility links

ბათუმის ახალი სტადიონის გახსნა კორონავირუსის გამო გადაიდო


ოქტომბრისთვის გადაიდო, ბათუმში, 12 სექტემბერს დაგეგმილი სტადიონის ოფიციალური გახსნის ღონისძიება. ინფორმაციას აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, სტადიონის გახსნის გადადების გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმსა და ქობულეთში 1 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება.

7 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

5 სექტემბერს, ბათუმში ყოფნისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმის სტადიონის გახსნა შესაძლებელია დადგენილი წესების დაცვით.

სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს იგეგმებოდა. ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო. სადაც დისტანციის დაცვით 6 ათასი გულშემატკივრის დასწრებას ვარაუდობდნენ.

დღეს ბათუმში კორონავირუსის სულ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში სულ 2 767 პირს ჩაუტარეს PCR-ტესტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე რეკორდად ითვლებოდა 2 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 38 იყო.

დაავადებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG