Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეულის“ საყვედურის შემდეგ რუსეთი ლაპარაკობს ნავალნის საქმეში „მასობრივ დეზინფორმაციაზე“, რომლის მიზანი სანქციების „ისტერიაა“


მოსკოვმა „დიდი შვიდეული“ დაადანაშაულა დეზინფორმაციის მასობრივი კამპანიის გამართვაში, რომლის მიზანია სანქციების დაწესებისთვის მხარდაჭერის მოპოვება კრემლის მოწამლული ოპონენტის, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით.

რუსეთში კორუფციასთან ბრძოლის კამპანიის აქტიური მონაწილე, ოპოზიციის ლიდერი, 44 წლის ნავალნი ბერლინში, „შარიტეს“ საავადმყოფოშია მას მერე, რაც ტომსკიდან მოსკოვში ფრენისას ცუდად გახდა თვითმფრინავში და ომსკის საავადმყოფოში ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ, გერმანიაში გადააფრინეს. გერმანელი ექიმების თანახმად, მის სხეულში აღმოაჩინეს საბჭოთა ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უსაფუძვლო თავდასხმა რუსეთზე გრძელდება გერმანიის მთავრობის არაკონსტრუქციული ქმედების ფონზე“. მასში ასევე წერია, რომ „ამ საქმის გარშემო ისტერია იზრდება და „მთავარი ამოცანა ის კი არაა, რომ იზრუნონ ნავალნის ჯანმრთელობისთვის და გაირკვეს მისი ავადმყოფობის ნამდვილი მიზეზი, არამედ სანქციების გარშემო განწყობის შექმნა“.

გერმანელმა ექსპერტებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ ანალიზის თანახმად, ნავალნი მოწამლულია „ნოვიჩოკის“ ტიპის აგენტით, რასაც მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები რუსეთის მიმართ, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს მომხდარი.

8 სექტემბერს, გვიან, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ნავალნის „დადასტურებული მოწამვლა“ და რუსეთს მოსთხოვეს, სწრაფად მოძებნოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც თავდასხმის უკან დგას.

„დიდი შვიდეულის“ განცხადება მოჰყვა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაეროს უზენაესი კომისრის მოწოდებას რუსეთისადმი, „სრულად გამოიძიოს“ მომხდარი და მისთვის „მკვლელობის მცდელობის“ წოდებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG