Accessibility links

ბაჩალიაშვილის ადვოკატი გავრცელებულ ფოტოებზე პროკურატურას პასუხობს


პროკურატურის განცხადებით, მათ გარდაცვილილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გარცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვეს. რაზეც უარი მიიღეს.

საქმე ეხება ფოტოებს, რომელიც, ადვოკატის მტკიცებით, თანამგზავრიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევნის ტერიტორიას ასახავს 2020 წლის 19 ივლისს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ამ დროს გარდაცვლილი პროგრამისტის ავტომობილი იქ არ დგას.

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა იმ კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, ვინც ეს ფოტოები მიაწოდა.

"ფოტოების მიხედვით არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი, სატელიტური თანამგზავრი, კომპანია, ქვეყანა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, ასევე დაესახელებინა წყარო, ვისი მეშვეობითაც მოიპოვა აღნიშნული ფოტოები, რათა გამოძიების მიერ მომხდარიყო ოფიციალური საერთაშორისო სამართლებრივი წყაროებით გადამოწმება და გამოთხოვა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის თანახმად, მიხეილ რამიშვილმა მხოლოდ 2 ფოტო წარმოადგინა და „ვინაიდან არ წარმოუდგენია მათი წარმომავლობის წყარო და შესაბამისი მონაცემები, პროკურატურა ვერ იმსჯელებს აღნიშნული ფოტომასალის ნამდვილობაზე. აქედან გამომდინარე, რადგან არსებობს აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის ეჭვი, იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურატურის განცხადებას უპასუხა, მათ სიცრუის გამავრცელებლები უწოდა და აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ფოტოების გასაჯაროების შემდეგ, 8 სექტემბერს, პროკურატურაში შეხვედრაც შედგა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ადვოკატს 2 დღის განმავლობაში მიეცემოდა ფოტოებთან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევის შესაძლებლობა. ეს პირობა, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ დაარღვია და, შესაბამისად, ამის შემდეგ აღარ აპირებს მასთან თანამშრომლობას.

„მე გავაკეთე განცხადება, თუ როდის მომივიდა აღნიშნული სურათები., რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას - თუ საიდან? წყარო? როგორ და რანაირად? მე მათთან შეთანხმებული ვიყავი და ვითხოვე სულ რამდენიმე დღე და ეს შეიძლება დღესაც ყოფილიყო და მზაობა იყო ჩემი მხრიდან რომ ეს ყველაფერი დეტალურად მეთქვა დღეს. დრო ვითხოვე იქიდან გამომდინარე, რომ უდროობის გამო არ დამეკარგა ჩემი სიტყვის ფასი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა,

მისი სიტყვებით, მას პროკურატურის მიმართ „მისხალი ნდობა აღარ ექნება“.

„იმიტომ, რომ ხართ ძალიან მატყუარები და ძალიან არასანდო ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ პრივატული საუბრებიც გვქონდა და 2 დღე გითხარით... დღეს ვაპირებდი მოვსულიყავი, მაგრამ დღის ბოლომდეც არ მოიცადეთ და გამოდიხართ და აცხადებთ, რომ მე თითქოს უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე და ცრუპენტელები ხართ და თქვენ არ ხართ კეთილსინდისიერები, რომლებთანაც გუშინ მქონდა შეხვედრა. დღეს თქვენ რასაც აკეთებთ და რა განცხადებასაც აკეთებთ, თქვენ არ ხართ დამოუკიდებლები, თქვენ ხართ მონები, თქვენ არ ხართ გამომძიებლები, თქვენ ხართ შემსრულებლები, რასაც თქვენი უფროსები გავალებენ და ძალიან ცუდები ხართ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მას უპასუხა გამოთქმულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ფოტოები დამუშავებულია სპეციალური პროგრამით, გადაკეთებულია ან შეცვლილია. მისი თქმით, ამის გაკეთება რომ სდომებოდა, შეცვლიდა 21-22 ივლისის მონაცემების ამსახველ სურათებსაც.

„ამის სურვილი და შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, უღრუბლო ფოტოშოპსაც გავაკეთებდი და დავადებდი 21-საც, 22 რიცხვსაც ძალიან გალამაზებულ ფერებში და არც ავტომობილი არ გამოჩნდებოდა იქ", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

მისი სიტყვებით, არსებულ ფოტოებს გადააგზავნის საელჩოებში, დამოუკიდებლად წარადგენს ექსპერტიზაზეც და სახელმწიფოსაც მოსთხოვს, გამოითხოვოს 19 და 20 ივლისის მონაცემები. ამასთან, ის აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს მის ხელთ ფოტოების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში, მისი მანქანის აღმოჩენის ადგილის სატელიტით გადაღებული ფოტოების მოძიების მიზნით უკვე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებს, ევროპოლს, ასევე კომპანიებს: Land info, Digital globe, Skywatch, L3harris technologies, Eosda, Geocento limited, Orbit logic incorporated, Imagesatintl, Slingshotaerospace, Planet.com, European space imaging, Astro digital, ISI, Satellogic, Ursa space imaging, The European space agency, Landviwer, Spymesat, Airbus, Siis.

„ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების, ევროპოლის და კომპანიების ნაწილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ არ გააჩნიათ გამოძიებისთვის საინტერესო დროის მონაკვეთში ხსენებული ტერიტორიის სატელიტით გადაღებული ფოტოები. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმ კომპანიების მოძიებას, რომლებიც შეძლებენ 18-22 ივლისის პერიოდში, აღნიშნული ტერიტორიის ამსახველი სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალის მოწოდებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 8 აგვისტოს გაასაჯაროვა მისთვის მიწოდებული ფოტომასალა. მისი რწმენით, თანამგზავრით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 9 ივლისს, სოფელ მაწევნის ტყესთან, ანუ სადაც ის საბოლოოდ აღმოჩნდა, არ იდგა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთო, მიიჩნევს, რომ მიხეილ რამიშვილის ხელთ არსებული მასალით სავსებით შესაძლებელია საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და გამოძიება მკვლელობის მუხლით წარიმართოს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: ადვოკატი: ექსპერტიზა მედიკამენტურ ინტოქსიკაციას ასახელებს ბაჩალიაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად

პროკურატურა ბაჩალიაშვილის ავტომობილის გამოკვლევის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველს გენერალურმა პროკურორმა უთხრა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ერთვება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG