Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის 32-ე სკოლაში სწავლა ოქტომბრამდე გადაიდო - თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა


ქუთაისის სკოლაში, რომლის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს განახლდება. სკოლის 60 თანამშრომელს პირველი ტესტირებით კორონავირუსი არ გამოუვლინდა, მათი განმეორებითი ტესტირება 20 სექტემბერს იგეგმება. ამჟამად სკოლის თანამშრომლები იზოლაციაში იმყოფებიან.

დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელ ქალს, მასთან თბილისიდან სტუმრად მყოფ შვილსა და არასრულწლოვან შვილიშვილს კოვიდინფექცია დაუდასტურდათ.

მათ კლინიკას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თვითდინებით მიმართეს, ანალიზის ჩატარების შემდეგ კი ვირუსი აღმოაჩნდათ.

როგორც ქუთაისის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე განმარტავს, კლინიკას თვითდინებით რამდენიმე პაციენტმა მიმართა და ვირუსი მხოლოდ სამს დაუდასტურდა: „სამი პაციენტიდან ერთს აქვს პნევმონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არიან საშუალო სიმძიმის“.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მიმდინარეობს ახალი პაციენტების კონტაქტების მოძიება.

ქუთაისის კლინიკაში გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი და ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამჟამად კლინიკაში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 ბავშვია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 44-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. წინა დღეს, 8 სექტემბერს ერთგვარი ანტირეკორდიც დაფიქსირდა, როდესაც შემთხვევების რაოდენობამ 24 საათის განმავლობაში 45 დადასტურებული შემთხვევა შეადგინა.

9 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ საქართველოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 1773 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1325 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19.

XS
SM
MD
LG