Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას თქმით, იწყება ნავარაუდევი მეორე ტალღა


პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ამყარებს ვარაუდს, რომ ვირუსის გავრცელების შემოდგომაზე მოსალოდნელი მეორე ტალღა იწყება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეს განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა,რომელსაც დღეს მედია არ ესწრებოდა.

გიორგი გახარიას განცხადებით ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავს სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მედია დღევანდელ სხდომას არ დაასწრეს შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ცალკეულ მედიასაშუალებებში არსებული შესაძლო რისკებიდან გამომდინარე. შესაბამისად მთავრობის სხდომის გაშუქებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 57-ით გაიზარდა და 1830 შეადგინა.

თებერვლიდან მოყოლებული, ეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. აქამდე მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლებოდა 8 სექტემბრის მონაცემები, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 45-ით გაიზარდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი, გარდაცვლილია 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG