Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში გატაცებული ჯემალ სოსელიას საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო


შსს-მ გამოძიება დაიწყო გალის მკვიდრის ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მომხდარზე უწყება ინფორმირებულია.

8 სექტემბრის მდგომარეობით სოსელიას გამტაცებლები მის ოჯახს არ დაკავშირებიან, უთხრა „კავკასკი უზელს“ გატაცებული ბიზნესმების ნაცნობმა.

„სოსელია დიდი ხანია სოჭში ცხოვრობს და ბიზნესი აქვს. საშენი მასალით ვაჭრობს, ფიცრებით და ფანერით. უკვე 15 წელია მისი საწარმო ბაზარზე მუშაობს“, - განაცხადა მან.

გატაცებულის ახლობლის თქმით, სოსელიამ ცოტა ხნის წინ აღადგინა გალში არსებული მშობლების სახლი და თავისუფალ დროს მშობლიურ სოფელში დასასვენებლად ჩადიოდა ხოლმე. ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოწყებას არ გეგმავდა.

„სოსელია კრიმინალთან კავშირში შემჩნეული არ არის, პასიოსნად მუშაობს, რომგორც ინდმეწარმე, იხდიდა გადასახადებს, დარწმუნებული ვარ გამომსასტიდი თანხის მისაღებად გაიტაცეს“, ამბობს „კავკასკი უზელის“ რესპონდენტი.

7 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გალის მკვიდრის ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში, ნიღბიანმა, შავსამოსიანმა, შეიარაღებულმა პირებმა, BMW-ს მარკის ავტომობილში მჯდომი ჯემალ სოსელია გააჩერეს, რის შემდეგაც ისინი ერთად დაიძრნენ გალის რაიონის სოფელ საბერიოს მიმართულებით.

დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ენგურჰესის ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის დაიწყო სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უწყების თანახმად, ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც ძალით აკავებდნენ სოსელიას, საოკუპაციო საზღვრისკენ გაემართნენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯემალ სოსელიას ავტომობილი ე.წ. სამართალდამცველებმა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონასთან გზაზე იპოვეს.

„დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე ფეხით გაუყვნენ ტყისპირს სასაზღვრო მონაკვეთამდე“, - ნათქვამია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, გამოძიებას გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა აწარმოებს, ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად.

ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია პირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი სიტყვებით, 2015 წლის შემდეგ, ეს გალის რაიონში მოქალაქის გატაცების პირველი შემთხვევაა.

XS
SM
MD
LG