Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის - პოზიტიური და კრიტიკული აქცენტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საქართველოში „მთლიანობაში, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის პირობები კარგია“, მაგრამ მათთვის ცნობილია, რომ „ზოგიერთი კომპანია გამოხატავს ნდობის მზარდ ნაკლებობას სასამართლოს სექტორის უნარის მიმართ, კომერციულ დავებში გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად“.

სხვა ფირმები, წაიკითხავთ ანგარიშში, ჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების არაეფექტიანი პროცესის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ პრობლემების მოგვარების მიზნით და საქართველო რეგიონში ბიზნესის წარმოების მხრივ მაღალ ადგილს ინარჩუნებს.

ანგარიშში მოყვანილია მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვით ქვეყანა ბიზნესის წარმოების სიმარტივით მეშვიდეა მსოფლიოში, და Heritage Foundation-ის ინდექსი, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველოს ქვეყნებს შორის მეთორმეტე პოზიციაზე აყენებს.

დოკუმენტი მკითხველებს ამცნობს, რომ ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში შედარებით სწრაფად და მოქნილად ხდება და საქართველოს მეორე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის მხრივ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც 2020 წელს შეაფასა მსოფლიო ბანკმა ბიზნესის წარმართვის მხრივ.

ანგარიშში ასევე საუბარია ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შესახებ, რომელიც რამდენჯერმე შეფერხდა 2016 წლის შემდეგ. მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შეუწყვიტა კონტრაქტი 2020 წელს და განაცხადა, რომ კონსორციუმმა არ განახორციელა კაპიტალის სათანადო მობილიზება, რომელიც საჭირო იყო პროექტის რეალიზებისთვის. მთავრობა, ანგარიშის თანახმად, აცხადებს, რომ ის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას აპირებს და განმეორებით ტენდერზე გაიტანს პროექტს.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის“. კანონმდებლობა უცხოეთის ინვესტიციებისთვის უქმნის ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ ინვესტორებისთვის არ აწესებს შეღავათებს.

საქართველოში, წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, არ არის შემუშავებული უწყებათაშორისო პროცესი უცხოურ ინვესტიციების შესამოწმებლად, მაგრამ სამინისტროებს და სააგენტოებს აქვთ უფლება, შეამოწმონ ინვესტიციები სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით. იქვე წაიკითხავთ, რომ უცხოელი ინვესტორები სახელმწიფო ქონების მსხვილი პრივატიზების თითქმის ყველა შემთხვევაში მონაწილეობდნენ. „პრივატიზების გამჭვირვალობა ხანდახან პრობლემას წარმოადგენდა“, ნათქვამია ანგარიშში.

Transparency International-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2003 წლის შემდეგ არსებითად გაუმჯობესდა. კორუფციის აღქმის ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, ეს ქვეყანა 44-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და უსწორდება ჩეხეთის რესპუბლიკას, ლატვიას და კოსტა რიკას.

„მაშინ როცა საქართველო წარმატებით ებრძვის კორუფციას დაბალ დონეზე, ქვეყანა მოწყვლადია იმ მხრივ, რასაც Transparency International-ი „ელიტურ“ კორუფციას უწოდებს“, აცხადებენ ანგარიშის ავტორები და წერენ, რომ „მაღალი დონის მოხელეები იყენებენ კანონმდებლობაში ხვრელებს საკუთარი გამდიდრების, სტატუსის და შურისგების მიზნით“.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მტკიცებულებები ხშირად მონათხრობ ამბებზეა დაყრდნობილი, მაგრამ კორუფციის ამ ფორმას, ან წარმოდგენას მის არსებობაზე, შეუძლია საზოგადოების და ინვესტორების ნდობა შეარყიოს საქართველოს უწყებების და ამ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს მიმართ. „კორუფცია რჩება პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, სახელმწიფო მართვის პრაქტიკასა და სასამართლოს სისტემაში არაზუსტი კანონმდებლობის და ეთიკური სტანდარტების გამო“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორების თანახმად, ფისკალური და სავალუტო პოლიტიკა საქართველოში მიმართულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მოძრავი გაცვლითი კურსისკენ, თუმცა ამ უკანასკნელზე ზემოქმედება ჰქონდა რეგიონულ მოვლენებს, რუსეთის მიმართ სანქციებს, დოლარის კურსის განმტკიცებას და სხვა გარე ფაქტორებს.

ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ „ სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი კონტროლის ქვეშ რჩება“.

თუმცა, გლობალური პრობლემებმა, რომლებიც უკავშირდება კოვიდ-19-ს და მისი გავრცელების შეზღუდვის ზომებს, „მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე".

აშშ და საქართველო ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდაზე მუშაობას აგრძელებენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის გზით. საინვესტიციო ხელშეკრულება საქართველოს და აშშ-ს შორის ხელმოწერილ იქნა 1994 წელს და ქართულ კომპანიებს აქვთ უფლება გადასახადის გარეშე შეიტანონ სხვადასხვა ტიპის საქონელი აშშ-ში პრეფერენციის საერთო პროგრამის ჩარჩოებში.

ანგარიშში მოკლედ არის აღწერილი საქართველოს უახლესი ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, ქართული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის ვითარება, და ნათქვამია, რომ, 2008 წელს რუსეთი შეიჭრა და დაიკავა სამხრეთი ოსეთის რეგიონი, და რომ ცენტრალური მთავრობა ვერ ახორცილებს ამ რეგიონების კონტროლს.

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, დამოუკიდებლად“, წერია ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG