Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ოცეულის პრეზენტაციაზე


მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მადლობა გადაუხადა გულითადი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი სიტყვებით, სულ გრძნობს.

მან სიტყვით გამოსვლისას პარტიის ღირსებები ჩამოთვალა და აღანიშნა, რომ ამ პარტიის შექმნის იდეა არის ის, რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, „სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით“.

ბიძინა ივანიშვილმა პარტიული სიის ოცეული დაახასიათა როგორც, სირთულეებთან გამკლავების შემძლე, მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდი.

"ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი. თითოეული მათგანი მზად არის ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და განსაცდელს აარიდონ ხალხი და ქვეყანა.",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ოპონენტების შეფასებისას, მან თქვა, რომ საქმის მკეთებელმა იცის შრომის ფასი, კრიტიკა კი იოლი საქმეა.

„ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს ქართული ოცნება.“

მან ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლის შექმნის პროცესშიც მისი თქმით, ჩუმ პოლიტიკას ირჩევდნენ და ასე აპირებს მომავალშიც "ქართული ოცნების" გუნდი „საქმის ჩუმად კეთებას“

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. რომლის მოკლე სიტყვასაც თან ახლდა თანაგუნდელთა და ღონისძიების დამსწრე საზოგადო მოღვაწეთა ტაშით რამდენჯერმე გაწყვეტა.

ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით, გამოსვლის დასასრულს საზოგადოებას მიულოცა საქართველოს რაგბის ნაკრების მოხვედრა „8 ერის“ ტურნირში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG