Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი: თუ ახლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება


ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ფეისბუკში კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ "ხდება ის, რაც გარდაუვალი იყო თავიდანვე, და სრულიად მოსალოდნელი - რესპირატორული ვირუსის ტალღის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია". ექიმი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დაისახა შეუსრულებელი ამოცანები, თითქოს "სწორი" და "ქმედითი" ღონისძიებით ეპიდემიის თავიდან აცილება შესაძლებელია.

"არის მცდელობები, რომ ყველაფერი გადაბრალდეს თავად მოსახლეობას, თითქოს შეზღუდვების მიმართ მოსახლეობის ნაკლები დამყოლიანობა არის სწორედ მიზეზი ეპიდემიის გააქტიურებისა. ჩვენ ამ ილუზორული ტრანსიდან უნდა გამოვიდეთ და თვალი გავუსწოროთ მარტივ, ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ მაღალი კონტაგიოზურობის მქონე, ახალი, პანდემიური პოტენციალის ვირუსული რესპირატორული ინფექციის შეჩერება არარეალისტურია.

სინამდვილეში, იმ ტოტალური ქვეყნის პარალიზების პოლიტიკამ, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო შედეგებისა, მოიტანა ის, რომ ეხლა კორონავირუსის ტალღის პიკი, სავარაუდოდ, პირდაპირ თანმხვედრი იქნება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული რესპირატორული ინფექციების გავრცელების პიკისა, რაც ერთიორად გააძნელებს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობას და შესაძლოა რეალურად პარალიზების რისკიც დადგეს. ნაცვლად იმისა, რომ კონტროლირებული გავრცელების გზით, მინიმალური შეზღუდვებით ძირითადი დარტყმა მიგვეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში - აპრილი, მაისი, ივნისი (ისე როგორც მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში), ჩვენი პოლიტიკით პირდაპირ დავუმიზნეთ კორონავირუსის ეპიდემიის ტალღა გრიპის პიკს. ამ საკითხზე ჩვენ ვწერდით გაზაფხულზე და გამოვთქვამდით შეშფოთებას, თუმცა მხოლოდ კრიტიკა მივიღეთ პასუხად. ცხადია, რომ ქვეყანა მუდმივ „ლოქდაუნში“ ვერ იქნება და არც უნდა იყოს. თუ ეხლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება, ჯერ კიდევ გვაქვს იმის საშუალება, რომ შემოდგომაზე მოვიდეს მთავარი დარტყმა და არა შუა ზამთარში. თუმცა ამჯერადაც სკოლების დახურვით დავიწყეთ და დიდი ეჭვი მაქვს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებაზე კვლავ გაგვექცევა ხელი. გაუთავებელი შეზღუდვები სიზიფეს შრომაა, ზიანის მომატნია თავად ეპიდემიის მართვის კუთხით, ვერ იქნება ხანგრძლივად მდგრადი და შენარჩუნებადი, მუდმივად დაგვაყენებს ახალ-ახალი ტალღების რისკების ქვეშ", - წერს კანდელაკი.

მისი თქმით, მკაცრი შეზღუდვების ნაცვლად, ახლა მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის საკმარისი და ხარისხიანი პერსონალური დაცვის საშუალებებით საავადმყოფოების აღჭურვა და კლინიკებში ინფექციური კონტროლის სისტემის გაძლიერება. კანდელაკი მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს უსიმპტომო პაციენტების მკურნალობაც, როგორც საავადმყოფოებში, ისე სასტუმროებში და უნდა დაზუსტდეს/შეფასდეს საწოლების და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა/ფუნქციონირება.

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი 158 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მაქსიმუმია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ მაღალი რიცხვი პანიკის საფუძველს არ იძლევა და ბათუმსა და ცაგერში ინფექციის კერები თითქმის აღმოფხვრილია.

11 სექტემბერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის დაწყება სკოლის შენობებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. დახურვის ბრძანება მიიღეს იმ სკოლებმაც, რომლებსაც 1 სექტემბრიდან ჰქონდათ მუშაობის უფლება მიღებული.

10 სექტემბრიდან იკრძალა სოციალური ღონისძიებების (ქორწილი, ქელეხი, იუბილე) ორგანიზება. ამავე დღიდან დაუშვებლად გამოცხადდა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ასევე წაიკითხეთ: როგორ ხვდება ჯანდაცვის სისტემა COVID-19-ის მეორე ტალღას? - რიცხვები, მონაცემები

კლინიკის ნაცვლად COVID-სასტუმროში - ვინ, როგორ და როდის აღმოჩნდება იქ?

პირბადე ნიკაპზე, პირბადე იდაყვზე, ყველგან, ოღონდ ცხვირ-პირზე არა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG