Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხვდება ჯანდაცვის სისტემა COVID-19-ის მეორე ტალღას? - რიცხვები, მონაცემები


10 სექტემბერს ქვეყანაში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 57 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვი 40-ს ზევითაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ დაწესდა გარკვეული შეზღუდვები - მაგალითად, აიკრძალა სარიტუალო ღონისძიებები, გადაიდო კინოთეატრების, თეატრების, საბავშვო ბაღების გახსნა. აჭარაში, ეპიდემიის წითელ ზონაში, სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში განახლდება და ა.შ.

არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა, ამის თაობაზე ხელისუფლება და ექიმების ნაწილი ჯერ ვერ შეთანხმებულა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის მეორე ტალღა წამოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კი თვლის, რომ მეორე ტალღა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში გვექნება, მაშინ, როდესაც სეზონური გრიპიც გააქტიურდება.

როგორ ხვდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ინფიცირების რეკორდულად მზარდ მაჩვენებელს? არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის საწოლები, სასუნთქი აპარატები, კლინიკები, ექიმები? როგორ გამოიყენა ჯანდაცვის სექტორმა ე.წ. ხავერდოვანი პერიოდი, როდესაც ინფიცირების მცირე, ერთეული შემთხვევები გვქონდა? რა ისწავლა პანდემიის დაწყებიდან დღემდე? რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ უპასუხა.

მწვანე, ნარინჯისფერი, წითელი - რომელ კოვიდზონაშია საქართველო


ე.წ. კოვიდშუქნიშანი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. შუქნიშნის ფერების ცვლა, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. მწვანე ზონა - ყველაზე ნაკლები რისკი, ნარინჯისფერი - მომატებული რისკი და წითელი - საფრთხის შემცველი ზონა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ფერების ცვლისა, ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე არსებული ინფიცირებულების რაოდენობაა. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ზუსტად არის გაწერილი, რომელი ფერის უკან რა ღონისძიებები უნდა აამოქმედონ სახელმწიფოებმა. ანუ, მაგალითად, თუკი ქვეყანა, მწვანე, ანუ ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი ზონიდან, ნარინჯისფერში ან წითელში ინაცვლებს, შესაბამისად, იცვლება გასატარებელი ღონისძიებების ფორმაც და რაოდენობაც.

  • თუკი ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე 1-დან 10 ინფიცირებული მოდის, ის მწვანე ზონად ითვლება.
  • 10-დან 30 ინფიცირებულამდე, ქვეყანა ინაცვლებს ნარინჯისფერ ზონაში.
  • 30-ის ზევით კი ქვეყანა გადადის წითელ ზონაში.

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველომ ნარინჯისფერ ზონაში გადაინაცვლა, თუმცა, ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 10 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში, 100 ათას მოსახლეზე 10,2 ინფიცირებული მოდის. რაც შეეხება აჭარას, ის წითელ ზონაში იმყოფება, რადგან იქ 100 ათას მოსახლეზე 52,8 ინფიცირებულს ითვლიან.

ეკა ადამიას თქმით, სწორედ ეს მონაცემები განსაზღვრავს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების დაწესებას. რა ღონისძიებებსა და შეზღუდვებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და არსებობს თუ არა კონკრეტული, გაწერილი გეგმა, ამ კითხვაზე, სფეროს სპეციალისტი გვპასუხობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით იღებს: „ჩვენ უნდა დავაკვირდეთ რაოდენობას სხვადასხვა რეგიონში და ამის მიხედვით დაწესდება შეზღუდვებიც. ერთი კონკრეტული რეგიონისთვის დაწესებული შეზღუდვები, ქვეყნის მასშტაბით ვერ ამოქმედდება“.

რამდენი საწოლი გვაქვს კოვიდინფიცირებულებისთვის?

  • კოვიდინფიცირებულებს ემსახურება 13 კლინიკა.
  • მათთვის გამოყოფილია 780 საწოლი.
  • 780 საწოლიდან, 82 საწოლი - ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
  • კოვიდინფიცირებულებისათვის გათვლილია 82 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც, ეკა ადამიას თქმით, ამ ეტაპზე, საკმარისია კრიტიკული პაციენტების სამართავად.
  • 13 კლინიკიდან 4 სრულად კოვიდინფიცირებულთა მომსახურებაზეა მობილიზებული. დანარჩენი 9 კლინიკა, ჰიბრიდული მოდელით მუშაობს. ანუ, კლინიკას ცალკე სივრცე აქვს გამოყოფილი კოვიდპაციენტებისთვის.
  • 9 სექტემბრის მონაცემებით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ეკუთვნის, საწოლების 65% უკვე დაკავებულია.

საჭიროების შემთხვევაში, შეძლებს ჰოსპიტალური სექტორი დამატებითი საწოლების მობილიზებას?


კი, შეძლებს, გვპასუხობს ეკა ადამია. მისი თქმით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მთავრობის დადგენილებით, დამტკიცებულია კლინიკების სია, კერძოდ, 44 დაწესებულების სია, რომლებიც სამინისტროს მითითების საფუძველზე, ვალდებულები იქნებიან, რომ ან ცალკე სივრცე გამოყონ კოვიდინფიცირებულთათვის, ან მთლიანად გაათავისუფლონ დაწესებულება ინფიცირებული პაციენტებისათვის. საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორს, ჯამში, საშუალება აქვს, კოვიდინფიცირებულებისათვის გამოყოს 3200 საწოლი.

რამდენი PCR-ტესტი ტარდება დღეში და გვაქვს თუ არა საშუალება, რომ მათი რაოდენობა გავზარდოთ?


კოვიდინფიცირების მზარდი რიცხვების ფონზე, მატულობს PCR-ტესტირების მოთხოვნის მაჩვენებელიც. 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, დღეში, 7000 ტესტი ტარდება.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 26 ლაბორატორია.

ეკა ადამიას თქმით, თუკი საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელი იქნება ტესტირების დღიური მაჩვენებლის გაზრდა. თუმცა, მაქსიმუმ რა რაოდენობის ტესტის ჩატარება მოხერხდება ყოველდღიურად, ამაზე ზუსტი პასუხი არ არის:

„დაწყებულია მუშაობა თავად ამ ლაბორატორიების სიმძლავრის გაზრდასა და დამატებითი ლაბორატორიების მობილიზებაზე. მუშაობა მიდის დამატებითი და უფრო მძლავრი აპარატურის შესყიდვაზე. ჩვენ განვიხილავთ იმ ვარიანტსაც, რომ კლინიკებმა შეისყიდონ აპარატები და ადგილზე გააკეთონ ტესტირებები. ანუ, რეალურად, თუკი ყოველდღიური ტესტირების გაზრდის საჭიროება იქნება, ჩვენ ამის შესაძლებლობა ნამდვილად გვექნება. თუმცა, იმ რესურსითაც, რომელიც ახლა გვაქვს, შეგვიძლია ტესტირებების გაზრდა“.

რამდენი საკარანტინო სივრცე გვაქვს?


საქართველოს მასშტაბით, დღევანდელი მონაცემებით, ფუნქციონირებს 105 საკარანტინო სივრცე, 7000 ოთახით. 10 სექტემბრის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 პირი. ეკა ადამია ამბობს, რომ დღეს არსებულ 7000 ოთახში, გაცილებით მეტი ადამიანის განთავსება შეიძლება, რადგან თითო ოთახში, ხშირად, ოჯახის წევრები, რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს.

იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 დღემდე მცირდება საკარანტინო რეჟიმში დაყოვნების ვადა, ეკა ადამია ფიქრობს, რომ სამომავლოდ, დამატებითი საკარანტინო სივრცეების გამოყოფა საჭირო არ გახდება.

რატომ გადაწყდა ე.წ. უსიმპტომო პაციენტების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა?


საქართველომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მიიღო კოვიდინფიცირებულების ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ ის პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, შინ იმკურნალებენ.

თუმცა, ამ ეტაპზე, ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, რომ ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ თანმდევი ქრონიკული დაავადებები და მათი ასაკი 18-დან 65 წელია, მკურნალობას გააგრძელებენ არა სახლში, არამედ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში. ჯერჯერობით, ქვეყნის მასშტაბით, 3 ასეთი სასტუმროა გამოყოფილი - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

როგორც ეკა ადამია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ სტაციონარები ისეთი პაციენტებისგან გაათავისუფლონ, რომლებსაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა არ სჭირდებათ. თუმცა, მისი თქმით, პაციენტებს სასტუმროში 24-საათიან მონიტორინგს გაუწევენ ექიმთა ჯგუფები.

ვაქცინა - მოსახლეობის 20%-ისათვის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ უკვე შეუკვეთა 700 ათასი დოზა ვაქცინა. განაცხადი ვაქცინათა გლობალურ ალიანსში საქართველომ 31 აგვისტოს შეიტანა.

ეკა ადამიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, შეკვეთილია ვაქცინა, რომელიც მოსახლეობის 20%-ზეა გათვლილი. 18 სექტემბერს კი ორგანიზაციასთან გაფორმდება ხელშეკრულება და პირველადი შენატანი, 4 მილიონი ამერიკული დოლარი გადაირიცხება გლობალური ფონდის ანგარიშზე. მისივე თქმით, საქართველომ, ამ ეტაპზე, აირჩია შერჩევითი შესყიდვის მოდელი, რაც ნიშნავს, რომ თუკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე ვაქცინას დაამტკიცებს, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, თავად შეარჩიოს კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა.

ამ ეტაპზე, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს დეკემბერ-იანვარში ჰქონდეს. განცხადება ამის შესახებ, რამდენიმე ხნის წინ გააკეთა აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ.

როგორ გამოიყენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ე.წ. ხავერდოვანი პერიოდი?


ამ კითხვაზე პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადია. ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანამ, „მსოფლიო ბანკის“ პროექტის ფარგლებში, შეიძინა „გარკვეული აპარატურა“. ეკა ადამიას თქმით, კიდევ არის დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის აპარატურის შესყიდვა: „შევიძინეთ მართვითი სუნთქვის აპარატები, მონიტორები, სადიაგნოსტიკო აპარატები, რაც კი შეიძლება დასჭირდეს დაწესებულებებს კოვიდინფექციის მართვისთვის“.

გარდა ამისა, ეკა ადამია ამბობს, რომ ამ პერიოდში დაიხვეწა დაავადების მართვის პროტოკოლი. მისივე თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობდა ექიმთა გადამზადების პროცესი, დამტკიცდა დაწესებულებებში ინფექციის კონტროლის მექანიზმი - მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი: „სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა მონიტორინგის ინსტრუმენტი. სწორედ ამ ინსტრუმენტით უნდა შეფასდნენ კლინიკები, თუ რამდენად აკმაყოფილებენ კონკრეტულ მოთხოვნებს. ამ ეტაპზე, კლინიკებში მიმდინარეობს მონიტორინგის პილოტირება, იმისათვის, რომ კლინიკებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, დააკმაყოფილონ ინფექციის კონტროლის მოთხოვნები, რათა მზად იყვნენ ინფექციის შემდგომი ტალღისთვის. ინფექციის კონტროლი მნიშვნელოვანია როგორც დაწესებულების, ისე პერსონალისთვის და ამისთვის, ამ პერიოდში, არაერთი ტრენინგი ჩატარდა. ჩვენ თავად ვიარეთ კლინიკებში და დამატებით ვატარეთ ეს ტრენინგები და შეფასებები. როდესაც გვქონდა მოდუნების პერიოდი და აღარ გვქონდა ინფიცირებულების ბევრი შემთხვევა, სწორედ მაშინ ჩავატარეთ ეს მონიტორინგი, ხომ არ მოეშვნენ და ხომ არ დაავიწყდათ, თუნდაც, მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობის სათანადოდ ჩაცმა და გახდა. ეს პროცესი წინა ორი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა“.

ეკა ადამიას თქმითვე, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა სეზონური გრიპების პერიოდს დაემთხვეს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კლინიკებში მიმართვიანობას, ხელისუფლებამ სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ, დამატებით, 35 ათასი ვაქცინა შეიძინა, ჯამში, 135 ათასი ვაქცინა.

დაიწყება სასწავლო წელი 15 სექტემბერს, კლასებში?


ამ ეტაპზე, სწავლის კვლავ ონლაინ, დისტანციურ რეჟიმში დაწყება არ იგეგმება. ეკა ადამიას თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება საკლასო ოთახებში თუ ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება თავად სკოლების მზაობას, რომ სწავლა სკოლის კედლებში განახლდეს, შრომის ინსპექციის მონაცემებით, მიმდინარეობს 1500 სკოლის შემოწმების პროცესი. აქედან 614 სკოლას მიეცა სწავლის დაწყების უფლება. 81-მა სკოლამ კი ვერ დააკმაყოფილა ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რაც საკლასო ოთახებში სწავლის დასაწყებად გამოსცა განათლების სამინისტრომ.

როგორ ჩატარდება 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები? მისცემენ ხმას კარანტინში მყოფი პირები და ინფიცირებულები?


ამ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს, ჯერჯერობით, კონკრეტული პასუხი არ აქვს. ეკა ადამიას თქმით, საკითხზე, შრომის ინსპექციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება პროტოკოლი, სადაც ზუსტად გაიწერება, რა ფორმით და ვინ მიიღებს მონაწილეობას 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.

10 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1830 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან აქტიურია 390 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 1334 ადამიანი. გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG