Accessibility links

ამირან გამყრელიძე: შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არის


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს მონაცემები, რაც გვაქვს, პანიკის საფუძველს არ იძლევა. გამყრელიძე მოქალაქეებს იმ რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც არსებობს ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად.

“ჩვენ გვჭირდება მეტი დამატებითი ღონისძიებების გატარება, მაგრამ, პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დღეს დადგენილია. ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის. ეს არის ძალიან მარტივი შესასრულებლად - ყველა დახურულ შენობაში პირბადის ტარება და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქყვეყანაში სანიტარული წესრიგის გამკაცრებას და აუცილებელია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან.

გავრცელების პერიოდში ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით მოვერიდოთ ჩვენს ხანდაზმულ ადამიანებს. თუ სადმე ოდნავ ეჭვია, რომ რომელიმე ჩვენგანს აქვს სიმპტომები - ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებლია, დავრეკოთ 112-ზე და სწრაფად მოხდეს გამოკვლევა."

ამირან გამყრელიძე აქცენტს აკეთებს ტესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც, რაც ხელს უწყობს შემთხვევების ადრეულ გამოვლენას.

"გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში სერიოზულად არის გაზრდილი. დღეს დილისთვის გვქონდა თითქმის უკვე 10 000. ამას ემატება ყოველდღიურად, დაახლოებით 1 600 სწრაფი ტესტით კვლევა. საკმაოდ დიდი მოცულობის კვლევები ტარდება ქვეყნის 21 ლაბორატორიაში. ეს ხელს უწყობს შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას." - განმარტავს გამრელიძე, რომლის თქმითაც ინფიცირების შემთხვევების ზრდა მობილობის ზრდის პარალელურად მოსალოდნელი იყო და ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ ახალი შემთხვევების წყაროები ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს შორის გაჩნდებოდა.

"ხაზს ვუსვამ, რომ ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტოლს ექვემდებარება. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ ზრდა შევაჩეროთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც გაზაფხულზე გამოვიყენეთ, ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით. სლოგანი არის, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, სულ მინიმუმ, 1 წელი.” - ამბობს ამირან გამყრელიძე.

11 და 12 სექტემბერს საქართველოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 000-ს გადააჭარბა.

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი 158 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ამ დრომდე ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების მაქსიმუმია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ მაღალი რიცხვი პანიკის საფუძველს არ იძლევა და ბათუმსა და ცაგერში ინფექციის კერები თითქმის აღმოფხვრილია.

11 სექტემბერს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის დაწყება სკოლის შენობებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. დახურვის ბრძანება მიიღეს იმ სკოლებმაც, რომლებსაც 1 სექტემბრიდან ჰქონდათ მუშაობის უფლება მიღებული.

10 სექტემბრიდან იკრძალა სოციალური ღონისძიებების (ქორწილი, ქელეხი, იუბილე) ორგანიზება. ამავე დღიდან დაუშვებლად გამოცხადდა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG