პარტია „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს“ შტაბის მოხალისეებს ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც „ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ მათთვის ხელის შეშლას“.
ნადირაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, მიიღოს შესაბამისი ზომები:
„სოფელ ვაზიანში, სადაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლები, აქტივისტები იყვნენ ჩასულები და ავრცელებდნენ სააგიტაციო მასალას, ერთ-ერთ კორპუსთან იმართებოდა მცირე შეხვედრა, ჩვენს აქტივისტებს აედევნა შავი ავტომობილი, „ტოიოტა პრადო“. ჩვენი ინფორმაციით, ამ ავტომობილში იჯდა ვაზიანში სახელმწიფოს წარმომადგენელი ლევან მენახშირიშვილი. ამ ადამიანმა დააორგანიზა „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მიუსია ჩვენს ჯგუფს. მინდა, ამ ადამიანსა და „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ ავტომობილიც და მე მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, რომ მიიღონ ზომები“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.