Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ 19, სუფრა, ჩახუტება და ტექნო - რა (არ) იცვლება წინასაარჩევნო კამპანიაში 2020 წელს 


მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია აღნიშნავს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივ აქტივისტებთან.
მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია აღნიშნავს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ფოთის, ხობისა და სენაკის ადგილობრივ აქტივისტებთან.

ხალხმრავალი შეკრებები და “კარდაკარი” საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი და უცვლელი ნაწილია. სოციალური მედიის ეპოქაშიც, პოლიტიკოსები დიდწილად, ამომრჩეველთან პირისპირ შეხვედრებს ამჯობინებენ. კოვიდ 19-ის პანდემიას საარჩევნო კამპანიის სტრატეგია, თითქოს, უნდა ამოეყირავებინა, თუმცა კანდიდატების უმრავლესობა განაგრძობს ამომრჩევლების ხელის ჩამორთმევას, ბავშვების კოცნასა და მოხუცებთან ჩახუტებას.

10 სექტემბრიდან, საქართველოში, სწრაფად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ღია სივრცეებშიც აიკრძალა ქორწილები, ქელეხები, იუბილეები და სხვა ხალხმრავალი შეკრებები, თუმცა მოსახლეობას, ნებისმიერი რაოდენობით, დაუბრკოლებლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი პარტიის საარჩევნო ღონისძიებაში.

“თუ არჩევნები გვაქვს, წარმოუდგენელია და შეუძლებელი იქნებოდა, რომ რაიმე სახის აკრძალვა ან შეზღუდვა დაწესებულიყო კამპანიის წარმოებაზე, რადგან ასე ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი სამართლიანი საარჩევნო გარემო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დაპაუზებული კამპანია

მას შემდეგ, რაც პარლამენტის დეპუტატს, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ახალდაფუძნებული პარტიის ძირითადი ნაწილი და ცენტრალური ოფისი თვითიზოლაციაში გადავიდა. პარტიას დროებით წინასაარჩევნო კამპანიის შეწყვეტაც კი მოუწია.

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ იზოლაციიდან ცდილობს ადაპტაციას და საარჩევნო კამპანიის ონლაინ სივრცეში გადატანას. ეს კი პარტიისთვის მნიშვნელოვანი რისკი და ბარიერია.

“ჩვენ დავიწყეთ ვიდეო მიმართვები თვითიზოლაციიდან. ეს რა თქმა უნდა არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ პირობებში. რამდენიმე სატელევიზიო ჩართვა გვქონდა, მაგრამ წვდომა საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან, არის მნიშვნელოვნად შეზღუდული”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილის თანაგუნდელი.

მარიამ ჯაში ფიქრობს, რომ კოვიდ 19 კიდევ უფრო გაართულებს წინასაარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით ახალი პარტიებისთვის, რადგან “პანდემიის გამო შემზღუდავი რეგულაციების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია ამომრჩევლებთან იმ აქტივობების, მასობრივი შეხვედრებისა თუ კარდაკარის ჩატარება, რასაც ითხოვს სტანდარტულად არჩევნები”.

წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშა “სტრატეგია აღმაშენებლის” საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც ახალი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვირუსი აღმოაჩნდა ჩარკვიანის ოფისში მომუშავე რამდენიმე ადამიანსაც.

“ბოლო ერთი კვირა, გაზრდილი რიცხვების პირობებში, ხალხთან შეხვედრები არ გვქონია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თაკო ჩარკვიანის თანაგუნდელი სერგო ჩიხლაძე და განაგრძობს: “ჩვენ ისედაც აქტიურები ვიყავით სოციალურ ქსელებში და კიდევ უფრო მეტად გავხდებით - ონლაინ რეკლამები, ყოველდღიური ლაივები, ბრიფინგები, გამოკითხვები, სტატიები, პუბლიკაციები, სატელევიზიო თუ სხვა მედია აქტივობები, რაც ასეთ შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხოა”.

ორმაგი სტანდარტი?

ბოლო პერიოდში კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატების პარალელურად, კანდიდატების ნაწილი კამპანიის წარმოების ტრადიციული მეთოდებიდან არ უხვევს. ხშირ შემთხვევაში, პარტიული ღონისძიებების დროს, არც ეპიდემიოლოგების მთავარ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ - სოციალური დისტანციის დაცვასა თუ პირბადის ტარებას.

“ყოველ საღამოს გვაქვს მინიმუმ 300 კაციანი შეხვედრა, სადაც ბევრი ხალხი ირევა, ერთმანეთთან შეხებაშიც შედიან. ვერ უშლი ამ ხალხს ვერც მოკარებას ვერც სელფის გადაღებას. სახე თუ არ დაანახე ადამიანს და ხელი თუ არ ჩამოართვი, ეგრე რა კამპანია უნდა გამოვიდეს?!” - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ჩერგოლეიშვილი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას მეუღლე და მისი მთავარი აგიტატორი.

ჩერგოლეიშვილი, რომელიც პანდემიის პირობებში მინიმალური შეზღუდვების დაწესების მომხრეა, ფიქრობს, რომ სტრატეგიის შეცვლის შემთხვევაში კამპანია ფარსად იქცევა.

10 სექტემბრიდან აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც, თუმცა პარტია “გირჩი” ამომრჩევლებს სთავაზობს, ნებისმიერი მათი შეკრება “გირჩის” სააგიტაციო ღონისძიებად გადააქციოს:

“ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის საარჩევნო რეჟიმში მისწრებაა ადამიანების შეკრებაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა. ხშირ შემთხვევაში, პარტიებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული”, - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

“გირჩი” უკვე დაეხმარა ტექნო მუსიკის ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაში, რითიც, ერთი მხრივ, გადაარჩინა ისინი ფინანსურ ზარალს, მეორე მხრივ კი წაახალისა თავყრილობა, რომელიც პოტენციურად შეიძლება ახალი კორონავირუსის გავრცელების წყარო გამხდარიყო.

“მე არ ვიცი, არჩევნები უნდა გადაიდოს თუ რა უნდა მოხდეს, მაგრამ თუ ქორწილი არ შეიძლება, თუ ქელეხი არ შეიძლება, მაშინ ვერ გავიგე კამპანია რითი განსხვავდება?” - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც შეზღუდვების მოხსნის მომხრეა.

ალტერნატიული წვდომა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე არ ფიქრობს, რომ პარტიებს და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის გეგმების რადიკალური გადალაგება მოუწიოთ, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა “ქართულ ოცნებას” კამპანიის გარკვეული დეტალების მოდიფიცირება მოუწიოს:

“შეიძლება ეს იყოს ონლაინ რეჟიმში რაღაც შეხვედრები, უფრო ვიწრო წრეში - არ შეხვდეს მაჟორიტარი 100, 200 და 300 და 500 ადამიანს და უფრო ბევრი შეხვედრა გამართოს და უფრო მცირერიცხოვანი”, - ამბობს მდინარაძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მმართველ გუნდს არ აწყობს არჩევნების გადადება, რადგან ბევრი პოლიტიკური ქულა დააგროვა პანდემიის ფონზე წინასაარჩევნოდ. ამასთან, კაკაჩია მიიჩნევს რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და სხვა პარტიებმაც უნდა გაიზიარონ.

“მეორე ტალღის ნიშნები ჩანს. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ალტერნატიული წვდომის საშუალებები ელექტორატთან - აქ ძირითადად იგუსლიხმება სოციალური მედია, სადაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს რეკლამაში. მეორე, რაც ნაკლებადაა აპრობირებული, ესაა ონლაინ კონფერენციების, ონლაინ შეხვედრების მოწყობა თავის ამომრჩეველთან”, - ამბობს კორნელი კაკაჩია და განაგრძობს: “სამწუხაროდ, ჩვენს პარტიებს ამომრჩეველი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა არჩევნები მოახლოვდება”.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG