Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე


16 სექტემბერს ევროპის პარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ანგარიში ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე.

მასში ევროპარლამენტარები საქართველოს კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით; გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას და კვლავაც მზად არიან საქართველოს შემდგომი მასშტაბური დახმარებისთვის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ანგარიშში შეფასებულია მიღწევები მთელ რიგ სფეროებში, როგორებიცაა: პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.

„მთლიანობაში, ანგარიში წარმოადგენს პოზიტიურ შეფასებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების და რეფორმების და კანონმდებლობის მიღებაში მიღწეული პროგრესის შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცების მხრივ, საკონსტიტუციო რეფორმების და მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ, შიდა პოლიტიკური მღელვარების შემდეგ, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შედეგად, რაც ეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

36-პუნქტიან რეზოლუციაში კრიტიკაა გამოთქმული რიგ სფეროებში არსებული ვითარების გამო. მათ შორის მთავარი ადგილი უკავია სასამართლო სისტემას, რომლის მდგომარეობა, ანგარიშის თანახმად, კვლავ შემაშფოთებელია. ამის მიზეზად დასახელებულია ხარვეზები მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებში, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებულ მთელ რიგ საქმეებზე, რაც, ავტორთა თქმით, შეშფოთებას იწვევს სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ანგარიში საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებიც გასცეს ვენეციის კომისიამ და ეუთომ.

ანგარიშში საუბარია, რომ საქართველო კვლავ დგას გარე გამოწვევების წინაშე, რაც დიდწილად უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის გაუარესებას, ასევე კიბერთავდასხმებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ აქტორებთან.

ანგგარიშში ხაზგასმულია ქართველი ხალხისა და საჯარო პირების მხრიდან კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების მხრივ გადადგმული ნაბიჯები და ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, რაც მედიცინის სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს და რამაც შეამსუბუქა ტვირთი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე, ასევე შეამცირა ნეგატიური გავლენები ეკონომიკაზე.

ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა 900 ათასი უვიზო ვიზიტი განახორციელეს შენგენის ზონასა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებში. აქვე გამოთქმულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი მოწოდება, რომ საქართველოს სწრაფად მიენიჭოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა გაადვილდეს თავშესაფრის თხოვნასთან და რეადმისიასთან დაკავშირებული პროცედურები.

ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს რომ საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი და მაღალ შეფასებას აძლევს მის თანამშრომლობას ნატოსთან.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს წინსვლა დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხებში, კერძოდ მაღალი შეფასება ეძლევა 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ევროპარლამენტი საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოიძიოს ქართველი სამართალდამცველების მიერ ძალის გადაჭარბების შემთხვევები, მათ შორის 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს.

დადებითადაა შეფასებული ქართული მედია, რომელიც დინამიური და პლურალისტურია, თუმცა ამავე დროს პოლარიზებულია.

ევროპარლამენტი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 27% მოდის. ამავე დროს ის საქართველოს მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ნედლეულის გარდა სხვა ნაწარმზეც გაავრცელოს ევროკავშირში ექსპორტი და საქართველოში მიიზიდოს ევროკავშირის ინვესტორები, რათა მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და გააუმჯობესოს ევროკავშირთან სავაჭრო ბალანსი.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს შრომის კანონმდებლობის ფართო მასშტაბის რეფორმა, რათა უზრუნველყოს შრომის პირობების უკეთესი რეგულირება, მათ შორის შრომის ინსპექციისა და სოციალური დიალოგის გაუმჯობესება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG