Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოდ შედგა


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ე.წ. სამხრეთ ოსეთს შემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების რთულ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება“ 2008 წლის 26 აგვისტოს.

ზახაროვამ მოსკოვში, 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღეზე“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში „რესპუბლიკის დღეს“ 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

ზახაროვას განცხდებით, სუვერენულ სახელმწიფოდ შემდგარმა „სამხრეთ ოსეთმა“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ჩამოყალიბებასა და ეკონომიკის და სოციალური სფეროების განვითარებაში, რასაც ადასტურებს დემოკრატიული პროცედურების დაცვით არაერთხელ ჩატარებული არჩევნები და ბოლო 6 წელიწადში ეკონომიკის თითქმის ორჯერ გაზრდა. ზახაროვამ ილაპარაკა დახმარებაზეც, რომელსაც „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთი უწევს.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუს, ტუვალუს და სირიის გარდა, რომლებმაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს, თანმიმდევრულად გაფართოვდება წრე ქვეყნებისა, რომლებსაც მიუკერძოებელი დამოკიდებულება აქვთ ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალიების მიმართ“, - განახადა ზახაროვამ.

1990 წლის 20 სექტემბერს, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭომ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. რამდენიმე თვეში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საერთოდ გააუქმა.

1992 წლის 29 მაისს, „სამხრეთ ოსეთმა“ გამოაცხადა ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთმა აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ. „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ და სირიამ. მოგვიანებით, ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.

XS
SM
MD
LG