Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია იმართება


პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაკავებული შმაგი მუთოშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

35 წლის კაცის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მის გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ის უდანაშაულოა. პარალელურად, თელავის რაიონული სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

შმაგი მუთოშვილი 18 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე, სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშვილების ოჯახის სახლის მისამართით სწორედ მუთოშვილმა გაისროლა. მოტივად გამოძიება შურისძიებას ასახელებს.

შმაგი მუთოშვილი გასული წლის ნოემბერში მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება, რომელმაც ვისოს სიცოცხლე შეიწირა, ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო. მეორე ვერსიით, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა. ​

ვისო მუთოშვილის მკვლელობისთვის არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო მისი მკვლელობის მცდელობისთვის რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, სასამართლო განხილვების პარალელურად, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის შერიგების რამდენიმე უშედეგო მცდელობა იყო. მუთოშვილებთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ ხეობის მოსახლეობის ნაწილი და უხუცესები. ასევე, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც. მუთოშვილების ოჯახი შერიგებაზე უარს ამბობს და „სისხლის აღების წესით“ შურისძიებაზე საუბრობს.

XS
SM
MD
LG