Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: აჭარა ისევ წითელი ზონაა - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 სექტემბერს


ახალი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაშია, თბილისში - 30

20 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. გუშინ 24 საათის განმავლობაში რეგიონში PCR-ტესტირება ჩაუტარდა 4 000-მდე მოქალაქეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 519 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 377 ინფიცირებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. თუმცა, მდგომარეობა სტაბილურია, რადგან ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღე თითქმის ერთ დონეზეა.

წაიკითხე მეტი.

დღეს ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს გადაწყვეტენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები განიხილავენ სანქციების სიაში პრეზიდენტის ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეყვანის საკითხს. ლუკაშენკა არ იქნება ამ სიაში მარტო. გავრცელებული ინფორმაციით, სიას ბელარუსის ხელისუფლების ათობით წევრიც დაემატება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დონალდ ტრამპს სურს, სწრაფად განიხილონ სენატში უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას, თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნავს „ძალიან ნიჭიერ ქალს“.

საერთაშორისო პრესა წერდა ემი კონი ბარეტის შესახებ, რომელიც ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს კონსერვატორთა შორის.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრი რუთ ბეიდერ გინზბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა 18 სექტემბერს. ის სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი იყო. თუ სასამართლოს ახალ წევრად კონსერვატორი გავიდა, უზენაეს სასამართლოში კონსერვატორებს კომფორტული უმრავლესობა ექნებათ.

წაიკითხე მეტი.

ე.წ. დამოუკიდებლობის დღე - აბსურდის თეატრი ცხინვალის თეატრალურ მოედანზე

20 სექტემბერს, ცხინვალში ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 30 წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნეს.

ამ დღეს ოკუპირებული რეგიონის დედაქალაქში სტუმრები თვითაღიარებული აფხაზეთის, დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან ჩავიდნენ. სამხედრო აღლუმში კი რუსეთის ფედერაციის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ.

აღლუმამდე ორი დღით ადრე კი დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს საზოგადოების წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს და ცხინვალის იზოლატორში ცემით მოკლული ინალ ჯაბიევის ორმოცამდე, ყველა სადღესასწაულო ღონისძიების გადადებისკენ მოუწოდეს. წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

ამ კვირას 20 წელი შესრულდა უკრაინელი ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობიდან.

ამ მკვლელობამ უკრაინის ისტორია შეცვალა, ამბობენ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ მომზადებული ფილმის გმირები.

ფილმში გამოყენებულია ფრაგმენტები გიორგი ღონღაძის რეპორტაჟიდან აფხაზეთის ომზე; ასევე, აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები მისი მეუღლის, მიროსლავა ღონღაძის ოჯახური არქივიდან.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG