Accessibility links

ხაიშის სკოლაში 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლის 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, მოსწავლეები ქობულეთიდან დროებით მოწვეული მასწავლებლისგან დაინფიცირდნენ, რომელსაც კოვიდინფექცია ქობულეთში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა. სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე. დღესვე ტესტირება ჩაუტარდება სკოლის ყველა თანამშრომელსა და მოსწავლეს.

მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსზე 728 პირის ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან 17-ს ვირუსი დაუდასტურდა. გარდა 2 მოსწავლისა, ინფიცირებულებს შორის არის ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსული 1 პირი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან და 14 ზუგდიდის მცხოვრები, რომელთა შორის 3 მერიის თანამშრომელია.

მალხაზ თორიამ რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ. მისი თქმით, ზუგდიდში ამ მიმართულებით კონტროლი გამკაცრდება:

„გავამკაცრებთ აღსრულების ნაწილს, ჩვენი სამსახურები მოახდენენ შემოწმებას ობიექტების. მოვუწოდებთ ყველა დაწესებულებას, დაიცვან ის ნორმები, რაც არსებობს“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

ხაიშში სწავლა 15 სექტემბერს სკოლის შენობაში განახლდა, ვინაიდან არ ხვდებოდა იმ რეგიონების ჩამონათვალში, სადაც სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად მიმდინარეობს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით.

ბათუმი და ქობულეთი იყო პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად უნდა დაწყებულიყო პირველ ოქტომბრამდე. 11 სექტემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამგვარადვე დაწყებულიყო სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. დახურვის ბრძანება მიეცათ იმ სკოლებსაც, რომლებმაც შემოწმების საფუძველზე სწავლის შენობებში დასაწყებად მზაობა აჩვენეს და სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1643.

COVID-19-ით გარდაიცვალა 25 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG