Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სკოლის თანამშრომელთა ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია


ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, მეხუთე საჯარო სკოლის ათამდე თანამშრომელია ინფიცირებული, მათ შორის არიან პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი. სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა, ამის მიუხედავად, დავითაძის სიტყვებით, სადეზინფექციო სამუშაოები სკოლის შენობაში მაინც ტარდება.

მისივე თქმით, სკოლის ინფიცირებულ თანამშრომლებს სასწავლო დაწესებულების მიღმა ჰქონდათ კონტაქტი, რადგან ერთ დასახლებაში ცხოვრობენ. თუმცა, ვირუსის პირველწყარო უცნობია და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

ბათუმი და ქობულეთი იყო პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად უნდა დაწყებულიყო პირველ ოქტომბრამდე. 11 სექტემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამგვარადვე დაწყებულიყო სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. დახურვის ბრძანება მიეცათ იმ სკოლებსაც, რომლებმაც შემოწმების საფუძველზე სწავლის შენობებში დასაწყებად მზაობა აჩვენეს და სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1643.

COVID-19-ით გარდაიცვალა 25 ადამიანი.

XS
SM
MD
LG