საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩანაწერში უპასუხა „ტვ პირველის“ შეკითხვას. სააკაშვილმა ილაპარაკა ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ერთიან სიასა და პარტია „ევროპულ საქართველოსთან“ გამართულ მოლაპარაკებაზე.
„მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი (რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე) და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ არ გამოვიდა“, - თქვა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი კონკრეტულად „ევროპული საქართველოს“ მიმართ შეთავაზებულ წინადადებაზეც ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ მათ ორი საკვანძო თანამდებობის კანდიდატებზეც წარუდგინა ხედვა.
„მეორე იყო ჩვენი შეთავაზება „ევროპული საქართველოს“ მიმართ და ეს მოლაპარაკებები წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ პარიტეტულ საწყისებზე, პრაქტიკულად თანაბრად დაგვეკომპლექტებინა ერთიანი სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ [„ევროპულ საქართველოს“], პრემიერობის კანდიდატზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო იქნა მათ მიერ უარყოფილი“, - განმარტავს ენმ-ის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ამჟამინდელ ვითარებას, როგორც სააკაშვილი ამბობს, ახლა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით შექმნეს საკუთარი სია და ის დაასახელეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი, აიღოს უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ, ძალიან ფართო საზოგადოების წარმომადგენლობით, სრულიად სხვადასხვა ღირსეული ადამიანების, ქართველების წარმომადგენლობით (ქვეყნის შიგნიდან, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედანაც), დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ყოველგვარი ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე, რევანშზე საერთოდ არავინ არ უნდა იფიქროს, უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე, წინსვლასა და განვითარებაზე. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება, სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს, იმაში, რომ ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, დავასტაბილუროთ, ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები და გადავცეთ ხელისუფლება მთლიანად ქართველი მოღვაწეების ახალ თაობას. ეს ზუსტად ასეც იქნება და არავის არაფერი არ უნდა გვეწყინოს. ჩვენ უნდა გვიხაროდეს მხოლოდ ერთი - ჩვენი ქვეყნის წარმატება. არა ჩვენი ადგილი სად იქნება, არამედ სად იქნება ჩვენი ქვეყანა. ეს ასეც გამოვა, დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეთავაზებული წინადადების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ერთი დღით ადრე ილაპარაკა დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ აკაკი ბობოხიძემ, მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ამ საკითხს შეეხო.
ბობოხიძე არა პირადად სააკაშვილთან, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან საუბარს ადასტურებს. „დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ გაერთიანებას მოჰყვებოდა უფრო მეტი ხმა თუ გაერთიანება დაგვაკარგვინებდა ხმებს“, - ამბობს ბობოხიძე. ის უარყოფს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხზე შეთავაზებას და აღნიშნავს, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს ბიძინას [ივანიშვილს]. „ჩვენ მას [სააკაშვილს] სწორედ ამას ვუმტკიცებდით, როდესაც გარდაუვალია კოალიციის შექმნა, მაშინ, ვერც მე და ვერც მიხეილ სააკაშვილი ვერ გადავწყვეტთ, ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი. ეს უნდა გადაწყვიტოს იმ კოალიციამ, რომელიც შევა პარლამენტში“, - დაამატა ბობოხიძემ.
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მხოლოდ საჯარო შეთავაზების შესახებ ლაპარაკობს.
„სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ძალიან გვანან ივანიშვილს და „ოცნებას“. ურთიერთგამომრიცხავ სულელურ, რაღაც თითქოს ბრალდებას ისვრიან. მერე ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკაში თამაშის წესი. ჩვენი პოზიცია საჯაროდ იყო ცნობილი. სააკაშვილმა საჯაროდ შემოგვთავაზა, ერთიან სიაზე შევჯერდეთო. ეს იყო PR-ხრიკი. გადასაფარად რეგიონებში მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლისა. ჩვენ საჯაროდ გავეცით პასუხი, რომ ეს ძალიან ცუდი და მავნებლური იდეაა. ეს არის ის, რაც ივანიშვილს უნდა - ორპოლუსიანობის დაფიქსირება, რომ დაიკარგოს ხმები. მთელი საზოგადოება და, მათ შორის, „ევროპული საქართველო“ იმიტომ ვიბრძოდით პროპორციული არჩევნებისთვის, რომ ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანი ჰქონოდა“, - თქვა ბოკერიამ.