Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Zoom Earth: სატელიტის ფოტო ბაჩალიაშვილის საქმეზე ტოტალურად ყალბია


ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ რამდენიმე დღის წინ მედიასთან მტკიცებულების სახით გასაჯაროებული სატელიტური ფოტოს სიყალბეს ტვიტერზე მიმდინარე დისკუსიაში ადასტურებს ონლაინ Zoom Earth, რომლის საძიებო პანელიც ჩანდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ გრაფიკულ გამოსახულებაში.

"სქრინშოტი ტოტალურად გაყალბებულია. რეალურ დროში მყოფი გამოსახულებები ხელმისაწვდომია მხოლოდ მასშტაბის დაბალ დონეზე, სადაც ჩანს ქალაქები/ღრუბლები. შენობების/მანქანების გამოსახულება თვეების ან წლების წინანდელია [ჩვენს პლატფორმაზე]", - წერს Zoom Earth-ის ოფიციალური არხი ტვიტერზე ერთ-ერთ დისკუსიაში, რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული სატელიტური ჩანაწერების ავთენტურობას განიხილავდა

„ფორმულას” ეთერში 8 სექტემბერს გასაჯაროებული სატელიტური ფოტოების შემდეგ მიხეილ რამიშვილი 9 სექტემბერს პროკურატურაში დაიბარეს და სთხოვეს, დაესახელებინა წყარო, რომელმაც გრაფიკული მასალა მიაწოდა. ადვოკატის მტკიცებით, მის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს თანამგზავრიდან 2020 წლის 19 ივლისს გადაღებული სოფელ მაწევნის ტერიტორია, სადაც 4-დღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ადვოკატი ამ გრაფიკული მასალით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა მას ეძებდნენ, იქ არ იყო და მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილის ცხედრით, სხვა პირებმა მიიყვანეს საავტომობილო გზის ნაპირას ტყის სიახლოვეს. შესაბამისად, დაცვის მხარე და გარდაცვლილის ოჯახი ამ მტკიცებულების გათვალისწინებით ითხოვენ გამოძიების მუხლის შეცვლას თვითმკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მუხლით. ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს, რომ მოხდა ჯგუფური, ორგანიზებული მკვლელობა. პროკურატურა კი დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ვიზუალური მასალის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზას ატარებს.

ბაჩალიაშვილის დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებს განიხილავენ ინტერნეტმომხმარებლები სხვადასხვა ფორუმსა და სოციალურ ქსელში. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ გავრცელებული მასალა 2019 წლის შემოდგომას ასახავს და არა 2020 წლის ზაფხულს და იმაზეც, რომ ის რამდენიმე შრეს მოიცავს და სხვადასხვა დეტალით არის "აწყობილი".

ამავე თემაზე: სურათები სატელიტიდან - ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG