Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ მშპ-ის ზრდა არასწორი მაჩვენებლით დათვალა - მან 15.4%-ის ნაცვლად დაასახელა 40%


პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ სამ წელიწადში ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა.

„[ეკონომიკა] 2016 წელთან შედარებით, სამ წელიწადში, პანდემიამდე გაზარდა 40%-ით, 2020 წლის გამოკლებით. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რა მასშტაბით ზრდას ნიშნავს?! ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ, მათ შორის, სამუშაო ადგილები გაიზარდა ათეულობით ათასით. ეს არის გარდა საქსტატისა, ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემები“, - განაცხადა კობახიძემ.

მართალია, მიმდინარე ფასებში მშპ სამი წლის განმავლობაში 40%-ით, 35 მილიარდი ლარიდან, 50 მილიარდამდე გაიზარდა, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის შეფასება შინაარსს მოკლებულია, რადგან ის ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი არ არის.

მშპ-ის ზრდა/კლებას ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და მათ შორის, საქსტატი აფასებს რეალურ, მუდმივ ფასებში დათვლილი მშპ-თი, რაც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს და გვიჩვენებს ეკონომიკის რეალურ ზრდას.

კობახიძის მიერ დასახელებულ წლებში კი რეალური მშპ 15.4%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG