Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ფურცხვანიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს


გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს, 26 სექტემბერს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ფურცხვანიძის ადვოკატი ნოდარ მესხი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყალბი მტკიცებულების გადაცემას და ცრუ ჩვენების მიცემას შესაბამისი ორგანოსათვის. ბრალდებული კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს“.

მისივე თქმით, დავით ფურცხვანიძე არა მიმალვას, არამედ ამერიკაში მივლინებით წასვლას გეგმავდა.

„ბატონი დავითის კომპანია, რომელიც მას აქვს, მუშაობს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ საქმეებზე, აწარმოებს მის მოკვლევას და შემდეგ მის გავრცელებას. ამერიკაში მივლინებით მიდიოდა, რაც არ განსხვავდებოდა სხვა მსგავსი მივლინებებისგან. მას რამდენიმე გასვლა ჰქონდა, უნდა წასულიყო, რაღაც მასალებს მოიპოვებდა და უკან რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდა".

დავით ფურცხვანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, 26 სექტემბერსვე იმსჯელებს.

როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ის დავით ფურცხვანიძის აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს და არ გამორიცხავს, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოც შესთავაზოს.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, 25 სექტემბერს, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

თავად დავით ფურცხვანიძე აცხადებდა, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ბაჩალიაშილის საქმეზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა.

დავით ფურცხვანიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორიდან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG