Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებენ


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებენ.

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოეხმაურა სამხედრო თვითმფრინავისა და 26 მგზავრის დაღუპვის ფაქტს:

„ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაში ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავების დაღუპვის შესახებ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებსა და უკრაინელ ხალხთანაა,“- წერს პრეზიდენტი.


ტვიტერით ეხმაურება თვითმფრინავის დაღუპვის ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც:

„ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.


25 სექტემბერს, სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი 26 სექტემბერს, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა.

საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 2020 წლის 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG