Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება: შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას


ტანკები და სამხედროები ყარაბაღში სამხედრო წვრთნებისას, 2 ნოემბერი, 2017 წელი
ტანკები და სამხედროები ყარაბაღში სამხედრო წვრთნებისას, 2 ნოემბერი, 2017 წელი

"შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე" - ნათქვამია ყარაბაღში განახლებული სამხედრო ოპერაციების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის და მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას.

ცნობები ყარაბაღში საომარი მოქმედებების და მსხვერპლის შესახებ 27 სექტემბერს დილიდან ვრცელდებოდა. მთიან ყარაბაღში დღეს გახსნილი ცეცხლის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას სამშობლოს დაცვისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კი ამავე დღეს თქვა, რომ "სომხეთი უნდა გაჩერდეს" და მას აზერბაიჯანი აუცილებლად გააჩერებს. აზერბაიჯანს მხარდაჭერას თურქეთი უცხადებს.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG