Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების განახლების შემდეგ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებულ სამხედრო მოქმედებებს ეხმაურება და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სომხეთმა საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოაცხადა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყებაც. სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას .

ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1988-1994 წლებში მიმდინარეობდა ომი მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო. სეპარატისტებმა სომხეთის მხარდაჭერით, მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის შვიდი მიმდებარე რაიონი დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ომმა სულ მცირე 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასობით ათასი დევნილად აქცია.

რუსეთის შუამავლობით 1994 წელს მიღწეული მყიფე ზავის შემდეგ, რეგიონში პერიოდულად ხდება შეტაკებები სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG