Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასპინძის სოფელ რუსთავის მოსახლეობა თვითიზოლაციაშია


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ექთანს, რომელსაც აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს, COVID-19 დაუდასტურდა. ექთნის ინფიცირების გამო სოფელში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.

,,ბათუმში იყო წასული, იქ მუშაობდა. დაახლოებით ერთი კვირაა რაც დაბრუნდა. დადის პოლიცია ახლა და აცხადებს, სახლიდან არ გამოხვიდეთო. დღეს დილით, კვირის ბაზარში მიდიოდა და არ გაუშვეს ხალხი. ტესტირებას ჩავატარებთ და მერეო. არც არავინ მოსულა მას მერე“ - ამბობს სოფლის მკვიდრი და ინფიცირებულის მეზობელი, ფატი ბერიძე.

,,დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, მაგრამ სახლიდან არ გამოდიოდა, სიმპტომები მაქვსო. წავიდა საავადმყოფოში და დაუდგინდა. თვითონ შეხება ნაკლებად სხვებთან ნაკლებად ჰქონდა, ბავშვები კი მიდი-მოდიოდნენ. რვასულიანი ოჯახია და ოჯახის წევრებიც და მეზობლებიც ყველა თვითიზოლაციაში ვართ. ერთმანეთს აივნებიდან ველაპარაკებით, ეზოებიდან არ გავდივართ“ - ამბობს ადგილობრივი მზია პაქსაძე.

ინფიცირებული ქალი ბათუმიდან რუსთავში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა. მეზობლების თქმით, ყოფილი მედდა საეჭვო სიმპტომების გამო, სახლიდან არ გამოდიოდა. მოგვიანებით კი ასპინძის კლინიკას მიმართა.

,,მეორე ტესტირების დროს ინფიცირება დაუდასტურდა და კატასტროფის მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა კონტაქტი გაფრთხილებულია, მეზობლები და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ასეთი 29 კონტაქტია. საეჭვო სიმპტომების გამო, ამბობს რომ ბავშვებიც არ გაუშვია სკოლაში“ - აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

სოფელში 27 სექტემბრიდან პატრულირებს პოლიციისა და მერიის ჯანდაცვის სამსახური, რომელიც მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე გრძელდება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა. რუსთავში პირველადი ტესტირება სამშაბათიდან დაიწყება.

დღესვე რუსთავის გარდა, ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა ადიგენის სოფელ ჭეჭლაში. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რეგიონში 600-მდე ნიმუშია აღებული.

ინფიცირებულ პირებთან კონტაქტი ნაწილი მოძიებულია. დღევანდელი მდგომარეობით, 100-მდე პირი, ვისაც ინფიცირებულებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში არიან მოქცეული - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი მიქელაძემ.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთის საკარანტინე სივრცეში 400-მდე პირია განთავსებული.

27 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5254 შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG