Accessibility links

დაპირისპირებაა ბოლნისში - ოპოზიცია თავდასხმაზე საუბრობს


ფეისბუქში ვრცელდება ვიდეოები, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები ჩაიხანაში შეჭრის შემდეგ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სოფელში შეკრებილი ოპოზიციის მხარდამჭერები საუბრობდნენ იმაზე, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა იყო. გოგი მეშველიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელები თავად ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ და ისინი მმართველი პარტიის სააგიტაციო გუნდს მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა ისინი ჩაიხანაში დასასვენებლად იყვნენ შესულები, ჩაიხანადან გამოსვლის შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

"დღეს საღამოს ჩვენი აქტივისტების ჯგუფს, რომლებიც სოფელ ნახიდურში დაკავებულები იყვნენ სააგიტაციო პლაკატების გაკვრით და ვერბალური აგიტაციით, თავს დაესხა ადგილობრივი "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი არიფი უსუპოვი, თავის მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად.

გამოყენებული იყო ხელკეტები და ორი ჩვენი დაზიანებული აქტივისტი გადაყვანილია საავადმყოფოში," - ამბობს მეშველიანი.

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილი კი ყვება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ.

„ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50 კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. აგრეთვე, უმისამართოდ ისროდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ეს სროლა ჰაერში ხორციელდებოდა, სავარაუდოდ შიშის დანერგვის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული არავინ არ არის. „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ამ რეგიონში არამედ მთელს საქართველოში აქვს არჩევნები წაგებული და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

ინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ბოლნისში მომხდარი დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

ასევე ნახეთ: ძალადობა არჩევნების წინ

ISFED: მოსყიდვა, დაშინება, სინოდის წევრების მხარდაჭერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG