Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი - "საქართველოს წინსვლის საკითხი თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა - კრემლის!"


ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი
ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა 30 სექტემბერს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა:

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება, რა თქმა უნდა, არის [საქართველოს] ნატოში გაწევრიანების წინაპირობა. თუმცა, ამის თქმისას, აგრეთვე აღვნიშნავ, რომ ეს არ შეფასდება საგარეო ჩარევის ხარისხის მიხედვით, არამედ ამგვარ ჩარევასთან გამკლავებაში საქართველოს მთავრობის ნებისა და უნარის ხარისხის მიხედვით.

ჩვენ არ უნდა მივცეთ კრემლს იარაღი, რომ მან საქართველოს არჩევნებში ჩარევითა თუ ჩარევის მცდელობით დაბლოკოს საქართველოს სვლა ევროკავშირისა თუ ნატოსკენ, - უპირველესად ამას აღვნიშნავდი.

მეორე - ნება მომეცით ვთქვა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის მკაცრი კრიტერიუმები: სამხედრო სტანდარტები, როგორც [საქართველოს პარლამენტის] სპიკერმა აღნიშნა, უკვე ძალიან მაღალია, ძალიან შესაბამისი ნატოს სტანდარტებთან. ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორში ნატოს სტანდარტების შესასრულებლად. ამ თვალსაზრისით, თქვენ ნიადაგი მომზადებული გაქვთ.

და ბოლოს, რისი აღნიშვნაც მინდა, არის ის, რომ ჩვენ არასდროს უნდა მივცეთ რუსეთს ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანების შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება. ეს ქართველების გადასაწყვეტია. თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია საქართველოს წინსვლის საკითხი და არა - კრემლის! ხაზი უნდა გავუსვათ პრინციპს, რომ ევროპის თითოეულ და ყველა სუვერენულ სახელმწიფოს საფუძველშივე აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ამა თუ იმ ალიანსთან კუთვნილება“.

რადიო თავისუფლების შეკითხვა იყო - რამდენად ძლიერია კორელაცია საქართველოში მომავალი არჩევნების მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ტემპს შორის?

XS
SM
MD
LG