Accessibility links

პოლიცია ეძებს კაცს, რომელსაც პედოფილიისთვის 13 წლით პატიმრობა შეეფარდა


ლაგოდეხის პოლიცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეძებს მამაკაცს, რომელიც განაჩენის გაგების შემდეგ მიიმალა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მამაკაცს 13 -წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის მამაკაცმა იმჟამად 5 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე 58 წლის მამაკაცი გაამართლა. ამის შემდეგ გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მამაკაცი დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6 წლის გოგოს ოჯახის წევრები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობემ, რომ ახლა მთავარია მამაკაცი დროულად დააკავონს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა 6 წლის გოგოზე ან მისი ოჯახის წევრებზე შურისძიების მიზნის, დამატებით რაიმე სახის უკანონო ქმედება ჩაიდინოს.

რადიო თავისუფლება 58 წლის მამაკაცის მეუღლესაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და მას სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ბრალდებულის მეუღლის თქმით, რეალურად საქმე ეხება დავას მიწის ნაკვეთის შესახებ და მომხდარს არაფერი აქვს საერთო სექსუალური ხასიათის ძალადობასთან.

კახეთში, ლაგოდეხის რაიონში 2019 წლის ივნისში დააკავეს იმჟამად 5 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 60 წლამდე კაცი. იგი 13 მაისს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

58 წლის მამაკაცი 6 წლის გოგოს პაპის ძმაა. ისინი ამ დრომდე ერთ ეზოში ცხოვრობენ.

ასევე ნახეთ: "ვითხოვთ სამართლიანობას" - პედოფილიის შესაძლო მსხვერპლის ოჯახი

6 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG