Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის გალში დაკავებულ ირაკლი ბებუას?


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული ირაკლი (იკა) ბებუა ამ დრომდე სოხუმის იზოლატორში რჩება - მას წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სუს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი საბედაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ "ეს უკანონო პატიმრობაც დასრულდება მოქალაქის გათავისუფლებით, მაგრამ ეს იქნება გაწელილი ვადებში".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს და როგორც რადიო თავისუფლებას 2 ოქტომბერს განუცხადეს, ახლაც მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირების პროცესი.

ქართული მხარე მოითხოვს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააძლიერონ ზეწოლა საოპუკაციო რეჟიმზე, რათა დროულად გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქე.

ბებიას უვლიდა და ეკლესიაში დადიოდა - ვინ არის ირაკლი ბებუა?

ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი თბილისში 1993 წლიდან ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მერე.

მისი მშობლები ამ ეტაპზე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ. ირაკლის ბიძაშვილი, თამუნა ბებუა კი ამბობს, რომ ოჯახი ახლა ყველაზე მეტად იმაზე შიშობს, რომ მომხდარი პოლიტიკურ აქტად არ აღიქვან და ირაკლის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

რა მოხდა გალში და რა უსწრებდა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის ფაქტს, ოჯახისთვის დეტალები ცნობილი არ არის. თამუნა ბებუა გვეუბნება, რომ ირაკლის ბებიასაც ეს ამბავი მეზობლებმა შეატყობინეს.

27 წლის ირაკლი ბებუა გალში დაახლოებით ოთხი წლის წინ წავიდა მოხუცი ბებიის მოსავლელად, მაგრამ უკან დაბრუნება, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის და საჭირო საბუთების უქონლობის გამო, ვეღარ მოახერხა.

მთელი ეს ხანი, როგორც თამუნა მოგვითხრობს, ის გალში უვლიდა ბებიას და დადიოდა ეკლესიაში - ეს იყო მთელი მისი საქმიანობა.

ოჯახი ღელავს ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც, რადგან როგორც თამუნა ბებუამ გვითხრა, ირაკლის აქვს ქრონიკული დაავადებები, გალში ჩარჩენის გამო კი მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ის შესაბამის მკურნალობას ვეღარ იტარებდა.

შიშობენ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი მდგომარეობა არ დამძიმდეს.

ოჯახი ასევე მიიჩნევს, რომ ირაკლის განგებ დაუმძიმეს ბრალი გამოგონილი დანაშაულით, რადგან დროშის დაწვის გამო მას ბევრ წელს ვერ მიუსჯიდნენ და სამაგალითოდ ვერ დასჯიდნენ.

ოჯახი ახლა მოლოდინის რეჟიმშია - მათ აქვთ მუდმივი კონტაქტი როგორც სახალხო დამცველის აპარატთან, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

„ის, რაც მოხდა, ეს იყო მისი პოზიცია, რომელიც ამ ფორმით გამოხატა. საქართველოს მთავრობამ ახლა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანოს საკუთარი მოქალაქე“, - ამბობს თამუნა ბებუა.

მისივე თქმით, როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, მომხდარ ფაქტამდე ირაკლიზე გალში ვინმეს მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.

რა მოხდა გალში?

ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ 30 სექტემბერს გავრცელდა.

აფხაზეთის ე.წ. დროშა (როგორც "ეხო კავკაზას" ავტორი ვიტალი შარია აღწერს თავის სტატიაში დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ზე დაყრდნობით, ეს იყო ტილო აფხაზეთის დროშის ფერებში და ზედ აფხაზეთის გერბით), რომლის დაწვაც ირაკლი ბებუამ სცადა, გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში იყო გამოკრული. სწორედ მას წაუკიდა ცეცხლი ბებუამ და თავად ადგილიდან მიიმალა. ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.

სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები წერდნენ, რომ ირაკლი ბებუამ ე.წ. აფხაზური დროშა დაწვა „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.

გავრცელდა, სავარაუდოდ, ირაკლი ბებუას დაკითხვის ვიდეოც, სადაც ის თავად ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ მას აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ პირიქით, მისი აზრით, „არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა“.

სოციალურ ქსელში აფხაზების მხრიდან ამ ამბავს მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა - ზოგიერთი დაკავებულის სამაგალითოდ დასჯას მოითხოვდა.

ზოგიერთი პოსტის ქვეშ კომენტარების რიცხმა 1200-სს გადააჭარბა. წერდნენ:

„კლოუნი. ჯობდა თავი დაეწვა“,

„მაგას ცხვირი უნდა გაუტეხო“,

„დროშა არ უნდა დაეწვა, მაგრამ ბიჭს ეტყობა, ყურადღების მიქცევა სურდა“...

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები ბებუას დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედავებიან, მათ შორის:

  • 334-ე მუხლით, რაც სახელმწიფო სიმბოლოკის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 1 წლამდე ვადით პატიმრობით.
  • 164 მუხლით, რაც ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით.

ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმდა მას მერე, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42.

ამის გამო მის მიმართ წაყენებულ მუხლებს დაემატა სს კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რაც იარაღის და მისი შემადგენელი ნაწილების, ასევე საბრძოლო მასალის, უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემას გულისხმობს და ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ჯარიმასთან ერთად, ან მის გარეშე.

საქართველოს სუს-მა პირველი განცხადება მომხდარიდან მეორე დღეს, 1 ოქტომბერს გაავრცელა და განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები.

სუს-მა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ფედერაციას დააკისრა.

„ხალხი გაღიზიანდა, მაგრამ უფრო სოციალურ ქსელში“

როგორ აღიქვეს მომხდარი გალში? - რადიო თავისუფლება იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველს დაუკავშირდა, რომლის ვინაობასაც, მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ ვასახელებთ.

მან გვითხრა, რომ ვნებათღელვა ამ ამბავმა უფრო მეტად სოციალურ ქსელებში გამოიწვია და ხალხის გაღიზიანებაც იქ გამოჩნდა. ზოგმა გაიკვირვა, ზოგმა დაგმო, ზოგმაც გაამართლა მომხდარი, თუმცა ჩვენი რესპონდენტის თქმით, მსგავსი ფაქტები ყოველთვის იწვევს გარკვეულ დაძაბულობას „უკონტაქტობის და გაუცხოების პირობებში“:

„ახლა უფრო სადარდებელი ის არის, რამდენად დაცულია ეს ადამიანი და რამდენად სამართლიანი იქნება მის მიმართ ადგილობრივი სასამართლო“, - გვითხრა ჩვენმა გალელმა რესპონდენტმა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში (2012-2016) ეკავა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ, სასამართლომდე გათავისუფლება.

რადგან მკაფიოა აფხაზების პოზიცია - ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანმა შეურაცხყო მათი სახელმწიფო სიმბოლო, შესაბამისად, მაღალია პროტესტის ტემპერატურაც:

„აქაც იგივე მოხდებოდა, მაგალითად, რომელიმე რუსს, თუნდაც საქართველოს მოქალაქეს, 26 მაისს საქართველოს დროშა რომ დაეწვა მოედანზე, ქართველები აღშფოთდებოდნენ და კანონიც მას დასჯიდა. თუმცა მე პირადად მივიჩნევ, რომ ეს არის მახინჯი ნორმა - დროშის დაწვის გამო ვინმეს დასჯა. მგონია, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლება“.

პაატა ზაქარეიშვილი უფრო მოელის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებასა თუ შეწყალებაზე საუბარი.

„მე ტატუნაშვილის შემთხვევის დროსაც ვამბობდი, მისმა ოჯახმა ადვოკატი უნდა აიყვანოს-მეთქი, თუმცა მაშინ საზოგადოებამ ამის გამო დამცინა. ახლაც ასე ვფიქრობ - ეს, შესაძლოა, იყოს ერთადერთი გზა პრობლემის მალე მოსაგვარებლად. სახელმწიფო, გასაგები მიზეზების გამო, ამ ადვოკატს ვერ აიყვანს, მაგრამ თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, შესაძლებელია, რომ ოჯახს მიეცეს ადვოკატის აყვანის საშუალება. ამის გზები არსებობს. ასეთი ბრძოლის მაგალითია თამარ მეარაყიშვილის ბრძოლაც - მას თავად ჰყავს ადვოკატი და საზოგადოების დახმარებით ახერხებს მის ყოლას. და კიდევ - ის, რომ აფხაზეთში, უკანონობაა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ არაფერი არ არის! ამ უკანონობასაც აქვს თავისი სივრცე. ამიტომ მგონია, რომ იქნებ, ბებუას შემთხვევაშიც, სწორი იყოს ოჯახმა დაიქირაოს ადვოკატი, რომ სასამართლოც უფრო გონივრულად მოიქცეს“.

პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით დღეს ირაკლი ბებუას ვერ უშველიან. მისი აზრით, არც პოლიტიკური ტემპერატურის აწევაა მომგებიანი ყოველთვის იმ ადამიანებისათვის, ვისაც დაცვა სჭირდება.

„მე ძალიან გამიხარდება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ ამბავს მალე გადაჭრის და ასეთი მძიმე თემა ასე იოლად გადაწყდება, რაც ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. თუ ეს მოხდა, ვიტყვი, რომ ეს არის უპრეცედენტო ამბავი“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG