რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია სირიაში იმყოფება. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ხვალ, 6 ოქტომბერს სირიის დედაქალაქ დამასკში აფხაზეთის „საელჩო“ იხსნება.
აფხაზურ დელეგაციაში, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია ხელმძღვანელობს, არიან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ე.წ. პარლამენტის წევრი ომარ ჯინჯოლია, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ფილია და სხვა პირები. სააგენტოს ცნობითვე, დელეგაციის წევრები სირიის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.
საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს ევროკავშირმა, ეუთომ, გაერომ, ნატომ და მსოფლიოს რამდენიმე ათეულმა სახელმწიფომ.