ყირგიზეთის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და შოკური მოქმედების ყუმბარები გამოიყენეს ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებმაც თავი მოიყარეს დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრში, კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. არჩევნებში გამარჯვებულად გამაცხადეს პრო-მოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მომხრე პარტიები.
ათი პარტიის მომხრეებმა თავი მოიყარეს ბიშკეკის ცენტრში მდებარე მოედანზე და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მას თან ახლდა ამომრჩევლის მოსყიდვა და სხვა დარღვევები.
პოლიციამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის შტაბ-ბინაში სცადა შეჭრა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის აქციის მონაწილე ერთ-ერთი პარტიის, ატა-მეკენის ლიდერი ჟანარბეკ აკაევი, რომელიც საავადმყოფოში წაიყვანეს დაშავებული ფეხის გამო.
აკაევმა და კიდევ ერთი პარტიის, რესპუბლიკის ლიდერმა, მირლან ჟეენჩოროევმა აქციაზე გამოაცხადეს, რომ 12 პარტიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი პეტიციას, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვენ შუაღამემდე გააუქმოს არჩევნების ოფიციალური შედეგი. აკაევის და ჟეენჩოროევის თქმით, პეტიციას ხელს აწერენ იმ ორი პარტიის ლიდერებიც, რომლებმაც არჩევნებში მანდატები მოიპოვეს - მეკენჩილის (პატრიოტი) და ბუტუნ ყირგიზეთის (ერთიანი ყირგიზეთი).
კომისიის თქმით, საბოლოო შედეგი 20 დღეში გამოცხადდება.
ოპოზიციის განცხადებები გაამყარა ეუთოს შეფასებამ, რომელმაც 5 ოქტომბერს თქვა, რომ ყირგიზეთის არჩევნებს ჩრდილი მიაყენა "ამომრჩეველთა მოსყიდვის შესახებ სანდო ბრალდებებმა".