Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე: იპოდრომის გადაცემა პოლიტიკურად და პრაგმატულად გათვლილი გადაწყვეტილებაა


ანა დოლიძე
ანა დოლიძე

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ანა დოლიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა თავისთავად ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა საყურადღებოა დრო, როდის მოხდა ეს გადაცემა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად და პრაგმატულადაა გათვლილი, რათა ამან საბურთალოს არჩევნების შედეგებზე იქონიოს გავლენა:

„თავისთავად ეს გადაწყვეტილება რომ ქალაქს დაუმატო მეტი პარკი, და შექმნან ეს პარკი, კარგია“, - აღნიშნა ანა დოლიძემ, რომლის შეფასებითაც ეს იქნება ცენტრალური პარკი არა დედაქალაქისთვის, როგორც ამას მერი აღნიშნავდა, არამედ ცენტრალური პარკი მარცხენა სანაპიროსთვის. რადიო თავისუფლების დილის საუბრებში ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მისი იდეაა, პარკი დედაქალაქის ყველა უბანს ჰქონდეს:

„დაიწყონ იპოდრომით, მაგრამ გაუკეთონ ყველა უბანს მწვანე მოსასვენებელი ადგილი, სადაც გავუშვებთ ჩვენს შვილებს. აქვე ვიტყვი- მეორე პარკი ცენტრალური პარკი მარჯვენა სანაპიროსთვის რომელიც უნდა გაკეთდეს, შეიძლება გაკეთდეს არსენალის ტერიტორიაზე. ეს არის ჩემი იდეა ეს არის რამდენიმე ჰექტარი მიწა, რომელიც ახლა არის მიტოვებული და ნადგურდება ფაქტობრივად. ეს არის ძალიან კარგი ადგილი, რომ გაგვიკეთონ პარკი მარჯვენა სანაპიროზე“, - აღნიშნა ანა დოლიძემ "დილის საუბრებში".

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცემს და იქ „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი. თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი საზოგადოებას მერმა 6 ოქტომბერს წარუდგინა.

კალაძის განცხადებით, პარკის მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და პროექტი, რომელზეც ჰოლანდიური კომპანია მუშაობს, თითქმის დასრულებულია. მერის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გამოცხადდება მშენებლობის დაწყების თარიღი, პარკი კი, სამ წელიწადში აშენდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG