Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ზახაროვა: უსაფუძვლო და პოლიტიზებულია რუსეთის დადანაშაულება ჟენევის რაუნდის ჩაშლაში


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის რუსეთის მიზეზით ჩაშლის შესახებ.

აღნიშნულ განცხადებაზე გამოხმაურებისას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ბრალდება რუსეთის მისამართით უსაფუძვლო და პოლიტიზებულია:

„გაოცებულები ვართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 ოქტომბრის განცხადებით, რომ თითქოსდა კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც გადაიდო, რუსეთის წარმომადგენლებმა ჩაშალეს. ბრალდებას ჩვენი მისამართით „ მთელი სამშვიდობო პროცესის“ ჩაშლის შესახებ მივიჩნევთ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და პოლიტიზებულად“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ თანახმად, აქვე ზახაროვამ დასძინა, რომ ჟენევის 6-7 ოქტომბრის მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარებისგან თავის შეკავების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მიერ იმ სერიოზული შეზღუდვებისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო, რაც პანდემიითაა გამოწვეული.

„ალტერნატივის სახით ჩვენ შევთავაზეთ რაუნდის იმავე ვადებში გამართვა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, თუმცა თანათავმჯდომარეებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა“, -განაცხადა ზახაროვამ, რომლის თქმითაც, რუსეთი არასდროს გაურბოდა საქართველოსთან დიალოგს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში.

6 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდის ჩაშლაში რუსეთი დაადანაშაულა.

გრაფიკის მიხედვით, 51-ე რაუნდი 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოგვიანებით, მხარეები ახალ თარიღზე, 6-7 ოქტომბერზე შეთანხმდნენ.

ჟენევის დისკუსიების განახლების დროდ ამჯერად დეკემბერი დასახელდა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG