Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის დისკუსიის განახლების დროდ დეკემბერი დასახელდა


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები წუხილს გამოხატავენ, რომ ვერ ჩატარდა წინასწარ გამოცხადებული 51-ე რაუნდი. შეხვედრა 6-7 ოქტომბერს იყო დანიშნული. თანათავმჯდომარეთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია ის, რომ დისკუსიაზე დასწრება ყველა მონაწილემ ვერ შეძლო.

თანათავმჯდომარეები დარწმუნებულნი არიან, რომ პირისპირ შეხვედრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სფეროში ინციდენტების აღსაკვეთად და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა რეგიონში შემაშფოთებელი მოვლენები ხდება და მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიაა.

თანათავმჯდომარეთა განცხადებით, გააგრძელებენ ვირტუალურ და შეძლებისდაგვარად პირად კონსულტაციებსაც ყველა მონაწილესთან, რათა მომზადდეს ახლა უკვე 2020 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის გადადებული 51-ე რაუნდი. თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ ამ კონსულტაციებისას ყველა მონაწილეს ისევ მოუწოდებენ კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისკენ კონფლიქტური უთანხმოებების დასაძლევად, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს.

თანათავმჯდომარეები დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მზადება ახალი რაუნდისთვის.

6 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდის ჩაშლაში რუსეთი დაადანაშაულა.

გრაფიკის მიხედვით, 51-ე რაუნდი 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოგვიანებით, მხარეები ახალ თარიღზე, 6-7 ოქტომბერზე შეთანხმდნენ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატით, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG