Accessibility links

კახა კალაძე: დავით გარეჯის საკითხზე გამოძიება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა


კახა კალაძე

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურის მიერ ორი პირის დაკავების საკითხს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. აღნიშნულ განცხადებაში იგი ამბობს, რომ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა:

„ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ - ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მითუმეტეს, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.

შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა, მხოლოდ მათი ავტორების რეალური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული“, - აღნიშნა განცხადებაში კახა კალაძემ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა და გამოთქვა რწმენა, რომ საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

„ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

ივერი მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ნატალია ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

გამოძიების მიხედვით, საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიაში მოხდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებული რუკის არალეგიტიმური რუკის მონაცემებით ჩანაცვლება, რის შედეგადაც 3500 ჰექტარი ქართული მიწა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა აზერბაიჯანის მხარეს.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს, საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG