Accessibility links

ივერი მელაშვილის ადვოკატი ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას უკანონოდ მიიჩნევს


ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

„კარტოგრაფიის საქმეზე“ ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას უკანონოს უწოდებს. ედუარდ მარიკაშვილის შეფასებით, რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც ამ სამ გარემოებას დაადასტურებდა: „მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებებს ან ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსამართლემ ასე განმარტა, სპეციფიკა იყო დანაშაულის ისეთი, რომ შესაძლოა, ადამიანები მიმალულიყვნენ და თავი აერიდებინათ მართლმსაჯულებისთვის“.

ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას გასაჩივრებას გეგმავენ სააპელაციო სასამართლოში.

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები სასამართლო პროცესის თუნდაც ხვალამდე გადადებას მოითხოვდნენ, რათა დაცვის მხარეს საქმის მასალების მშვიდად გაცნობის საშუალება ჰქონოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ივერი მელაშვილმა და ნათალია ილიჩოვამ ილაპარაკეს სასამართლო პროცესზე.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG