Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში პოლიციამ სასტიკად დაარბია ყოფილი გუბერნატორის მომხრეთა დემონსტრაცია


რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო მსვლელობა, რომლის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებდნენ ოლქის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს, პოლიციამ სასტიკად დაარბია, დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

ამ ცნობებს, მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინტერფაქსი.

ადგილობრივი ჟურნალისტი, ალექსეი ნავალნის რეგიონული შტაბის წარმომადგენელი, ანდრეი პასტუხოვი ატყობინებს "МБХ-медиа"-ს 40 დაკავებულის შესახებ. მათ შორის არის ანტიკორუფციული ფონდის დამაარსებლის შტაბის კოორდინატორი, ალექსეი ვორსოვი. დაკავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები.

გამოცემის თანახმად, პოლიციამ პირველად დაარბია ფურგალის მომხრე მშვიდობიანი დემონსტრაცია. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ანდრეი პასტუხოვის ცნობით, აქციის ზოგიერთი მონაწილე დაშავდა, ორი პირი საავადმყოფოში მოათავსეს.

ქალაქის მმართველობის პრესსამსახური იტყობინება, რომ მსვლელობის შემდეგ დემონსტრანტებმა კარვები მოაწყვეს უშუალოდ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობის გაზონზე და ხმის გამაძლიერებლებით გადასცემდნენ ლოზუნგებს, რაც "გამვლელებს და ქალაქის სტუმრებს დიდ დისკომფორტს უქმნიდა".

გამოსვლები ხაბაროვსკში უკვე სამი თვეა გრძელდება. დემონსტრანტები მოითხოვენ სერგეი ფურგალის საქმის სამართლიან განხილვას. ყოფილი გუბერნატორი ივლისში დააპატიმრეს ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით. ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG