Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ მიიღებს კოვიდპაციენტებს


ლევან რატიანი
ლევან რატიანი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ შეიცვლის სტატუსს და კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა:

„იცით, რომ გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია, ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში“, - აღნიშნა ლევან რატიანმა 12 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ეძღვნებოდა COVID-კლინიკებში მართვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით, იმ კლინიკებში, რომლებიც პროგრამაში ახლად ჩაერთვნენ. „დღეს 35-მდე COVID-კლინიკაა, ხვალ შეიძლება მათი რაოდენობა 40-ს გადაცდეს. ბუნებრივია, ეს მოითხოვს სერიოზულ კოორდინაციას და მართვას“, - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა, რაც გასულ სამ დღესთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 12272-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 6538, გარდაცვლილია 93 ადამიანი.

XS
SM
MD
LG