Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდსასტუმრო - ქვეყანაში COVID-ის მართვის ხარვეზების ინდიკატორი?


15 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში, 41 წლის ქალის გარდაცვალებამ, კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ მართავს ჯანდაცვის სისტემა კოვიდსასტუმროებში გადაყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, აქვთ თუ არა პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და, საჭიროების შემთხვევაში, დროული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა, რა უნარებს ფლობენ კოვიდსასტუმროებში მივლენილი ექიმები და ექთნები და არიან თუ არა ისინი სათანადოდ გადამზადებულნი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 41 წლის ქალი, 15 ოქტომბრის დილას, სასტუმროს ნომერში ნახეს გარდაცვლილი. სასტუმროს პერსონალს გარდაცვლილის ახლობელი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ქალი სატელეფონო ზარს არ პასუხობდა. წინასწარი მონაცემებით, მისი გარდაცვალება COVID-19-ის ერთ-ერთმა გართულებამ, თრომბოემბოლიამ გამოიწვია.

რა გახდა ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზი, ამ კითხვას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა გასცეს საბოლოო პასუხი. რატომ ვერ მიაწვდინა ინფიცირებულმა ქალმა ხმა სასტუმროს ექიმსა და ექთანს, ეს ჯანდაცვის კლინიკური აუდიტის ჯგუფმა უნდა შეისწავლოს.

ბათუმელი ექიმის კრიტიკა ჯანდაცვის სისტემას


პროფესორი სოფიო ბერიძე, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის თერაპევტი და გასტროენტეროლოგი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელისუფლების განცხადებები ჯანდაცვის სისტემის მზაობისა და სიტუაციის კონტროლის თაობაზე, რეალობას არ შეესაბამება. მისი თქმით, დღეს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აქვს არაერთი სერიოზული ხარვეზი ვირუსის მართვის პროცესში.

სათანადოდ გადამზადებული სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა, კონკრეტული რეკომენდაციებისა და კრიტერიუმების არარსებობა, პროცესის მართვის არათანმიმდევრული დაგეგმარება, ეს იმ ხარვეზების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც სოფიო ბერიძე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღეს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ებრძვის ყოველდღიური ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში და სამომავლო გათვლებზე აქცენტს თითქმის არ აკეთებს.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს კოვიდსასტუმროებში არსებული ვითარება და მუშაობის არა ერთიანი და მწყობრი პრინციპი, რომელსაც მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები და რეკომენდაციები უმაგრებს ზურგს, არამედ ინდივიდუალური, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მიდგომა:

„დღეს კოვიდ-ასტუმროებში გვყავს პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ აქვთ მუდმივი და კარგი მონიტორინგი, არ შეუწყვეტიათ ქრონიკული დაავადებების მართვა, მაგრამ გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებიც სრულიად საპირისპიროს მიუთითებენ. როგორც ჩანს, ეს პროცესი დამოკიდებულია ექიმების პიროვნულ მიდგომებზე. არ ხდება არსებული რეგულაციის იმპლემენტაცია. არ არის მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მართვა. კრიტერიუმების გაწერა იმდენად ფორსირებულ რეჟიმში მოხდა, რომ არათუ პაციენტებისთვის, არამედ თავად შემსრულებელი რგოლისთვის, ექიმების დონეზეც კი, არ იყო ისინი სათანადოდ მიწოდებული. პროცესის გეგმის გარეშე მართვისა და მოსალოდნელი რისკების გაუთვალისწინებლობის გამო, გაიდლაინები და კრიტერიუმები დროულად ვერ მიიტანეს ექიმებამდე“.

სოფიო ბერიძის თქმით, ხარვეზებმა განსაკუთრებით კოვიდსასტუმროებში იმიტომ იჩინა თავი, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჰქონდა გაწერილი ბინაზე მკურნალობისა და სტაციონარში მკურნალობის პროტოკოლი, ე.წ. კოვიდსასტუმროების მართვა პროცესს ქაოტურად, ფორსირებულად დაემატა და, შესაბამისად, ვერ მოხდა ამ სივრცეებისა და მათში დასაქმებული სამედიცინო რგოლის სათანადო და დროული გადამზადება:

„კოვიდსასტუმროს რეალობა აღმოჩნდა ბევრად რთული, რადგან თუკი ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტს ოჯახის ექიმი უკავშირდება ონლაინრეჟიმში და აცნობს ან იღებს ინფორმაციას, სასტუმროში ეს უკვე დამოკიდებულია იმ ექიმის პასუხისმგებლობაზე, რომელიც სასტუმროში მუშაობს. ამით კი მივიღეთ სურათი, რომ სასტუმროში გამოკეტვა და პაციენტებისთვის დღეში სამჯერ, კარებთან საკვების დადება, მათზე მზრუნველობის მაქსიმუმი აღმოჩნდა. რიგ შემთხვევაში, კოვიდსასტუმროში ყოფნა, შესაძლოა, ბევრად დამაზიანებელი იყოს პაციენტებისათვის, ვიდრე სახლში დარჩენა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობა“.

სოფიო ბერიძე შიშობს, რომ ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი პირების დაგვიანებული რეაგირების გამო, ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც ექიმების არაპროფესიონალიზმის შედეგი:

„სამწუხაროდ, ბოლო სერიაში აღმოჩნდება, რომ ისევ ჩვენ, ექიმები ვიქნებით ყველაფერში დამნაშავეები. და შეიძლება ისე დასრულდეს ყველაფერი, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს ექიმებს. ექიმები ვითხოვთ სათანადო და დროულ გადამზადებას. მეც კი, რომელსაც არ მაქვს ინფორმაციის მოძიების პრობლემა, ძალიან გამიჭირდა, ოფიციალურ წყაროებში მენახა მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმი, თუ როგორ უნდა მართოს კოვიდპაციენტი, მაგალითად, ოჯახის ექიმმა თუ კოვიდსასტუმროს ექიმმა. მე რომ ოჯახის ექიმი ვიყო ან სასტუმროში დასაქმებული ექიმი, ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი თავს მშვიდად, რომ ზუსტად ვიცი, როგორ მოვიქცე და როგორ ვმართო სიტუაცია. მე ვერსად ვნახე მკაფიო მითითება, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შეამოწმონ ექიმებმა და ექთნებმა კოვიდსასტუმროში მყოფი პაციენტები. ეს გაიდლაინები ითხოვს მეტ დეტალიზაციას“.

სოფიო ბერიძე ამბობს, რომ დღეს, მაგალითად, აჭარაში, სათანადოდ მომზადებული ექიმებისა და ექთნების რაოდენობის პრობლემა დგას:

„ამბობენ, რომ თბილისში კოვიდის მართვის პროცესში სამედიცინო სასწავლებლის რეზიდენტებიც ჩაერთვებიან. თუკი ეს ასეა, მაშინ უკვე უნდა მიმდინარეობდეს მათი გადამზადება. ჩვენ პრობლემის არაღიარებას მივყავართ კიდევ უფრო დიდ პრობლემამდე. ამას არ უნდა ანაცვლებდეს ის ნარატივი, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ადამიანები ენდობიან პოპულარული ადამიანების ტელებრიფინგებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ამიტომაც არ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს სიფრთხილის შეგრძნება. არადა, ჩვენ, ექიმებმა ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის“.

ჯანდაცვის სამინისტრო გამორიცხავს ხარვეზებს COVID-ის მართვის პროცესში


აბსოლუტურად განსხვავებულია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ქვეყანაში ეპიდსიტუაციის მართვის თაობაზე. 15 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ქვეყანაში არ არსებობს საწოლფონდის დეფიციტი, არ არსებობს ექიმებისა და ექთნების დეფიციტი, თითოეული ექიმი და ექთანი, რომელიც კოვიდის მართვის პროცესშია ჩართული, სათანადოდ არის გადამზადებული, მზადყოფნაშია საჭირო რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, სასუნთქი აპარატები და ქვეყანა ინფიცირების მოსალოდნელ მატებას, მომზადებული ხვდება.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, როგორ ხდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მართვა და რატომ ვერ შეიტყო ექიმმა ან ექთანმა 41 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, ეკა ადამია გვპასუხობს:

„ექიმი დღეში ერთხელ ახორციელებს შემოვლას. პაციენტმა, თუკი მას რაიმე პრობლემა უფიქსირდება, საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოს მედპერსონალს. 41 წლის ქალი მძიმე პაციენტი რომ ყოფილიყო, ის, რა თქმა უნდა, სასტუმროში ვერ დარჩებოდა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ის იყო უსიმპტომო პაციენტი, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა არანაირი პრობლემა. თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, ეს შესწავლილი იქნება. ზოგადად, ყველა ამ ცალკეულ შემთხვევას შეისწავლის ჯანდაცვის კლინიკური აუდიტის ჯგუფი და გვეცოდინება კონკრეტული პასუხები, რა მოხდა და რატომ“.

ეკა ადამიას თქმითვე, ყველა კოვიდსასტუმრო აღჭურვილია ექიმ-ექთნის ბრიგადებით, რომლებიც პაციენტების რაოდენობის შესაბამისად არიან გადანაწილებულნი. სასტუმროები ასევე აღჭურვილია პულსოქსიმეტრებით, წნევის აპარატებით, თერმომეტრებით და სხვა პირველადი მოხმარების საშუალებებით, რაც შეიძლება დასჭირდეთ პაციენტებს.

ვინ და როგორ ხვდება კოვიდსასტუმროში?


უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების კოვიდსასტუმროებში გადაყვანა სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში საგრძნობლად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა.

გაიწერა კრიტერიუმები, რომლის თანახმადაც, სასტუმროებში ვერ გადავლენ 15 წლამდე და 65 წელს ზემოთ პირები.

„კოვიდინფექციის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმის“ თანახმად, კოვიდსასტუმროში ვერ გადავა პაციენტი, თუკი მას აქვს ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვა.

ამავე ალგორითმის თანახმადვე, საკარანტინო სივრცეში, 20 პაციენტზე ექიმისა და ექთნის ერთი გუნდი იმუშავებს; პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს.

რჩევები სახლში ან კოვიდსასტუმროებში მყოფ ინფიცირებულებს


ირმა კვიცარიძე, ავსტრიაში, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი იმ მთავარ რეკომენდაციებს ჩამოუთვლის რადიო თავისუფლებას, რომლებსაც ავსტრიელი ექიმები როგორც სტაციონარში მყოფ, ისე სახლში დარჩენილ ინფიცირებულებს აცნობენ.

ერთ-ერთი მთავარი გართულება, რომელიც კოვიდინფექციას ახლავს, ეს არის თრომბოემბოლიების წარმოქმნა, რადგან ვირუსი სისხლის შედედების ფაქტორზე ახდენს გავლენას.

სწორედ ამიტომ, ექიმები პაციენტს ურჩევენ, რაც შეიძლება ბევრი იმოძრაონ:

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტენსიურად ივარჯიშონ და სხეული გადატვირთონ, მაგრამ უნდა იმოძრაონ ოთახში, იარონ, შეუძლიათ რამდენიმე ბუქნი გააკეთონ. მუდმივად არ უნდა იწვნენ. ერთი 24-საათიანი წოლის რეჟიმიც კი დიდი რისკია. თუკი პაციენტი მწოლიარეა, მას პერიოდულად პოზიციას უცვლიან, ატრიალებენ და მათ პროფილაქტიკისთვის, დაბალი დოზით უკეთებენ დაბალ მოლეკულურ ჰეპარინს, ე.წ. სისხლის გამათხელებელს“.

  • მეორე რეკომენდაცია - ორ საათში ერთხელ გაანიავონ ოთახი.
  • მესამე რეკომენდაცია - ტემპერატურის შემოწმება, მინიმუმ დღეში სამჯერ და ტემპერატურის მაჩვენებლის ჩანიშვნა, რათა ეს ინფორმაცია ყოველდღიურად მიეწოდოს ოჯახის ექიმს;
  • მესამე რეკომენდაცია - COVID-ით ინფიცირებისას ძალიან მნიშვნელოვანია ფილტვის ვენტილაცია. ამიტომ ექიმები პაციენტებს ურჩევენ, საათში ერთხელ გაბერონ თითო ბუშტი.
  • მეოთხე რეკომენდაცია - თუკი პაციენტს დიაბეტი აწუხებს, ინფიცირების შემთხვევაში არ ჭამოს ხილი, რადგან ვირუსი პანკრეასზე ახდენს მძიმე გავლენას.
  • მეხუთე რეკომენდაცია - რაც შეიძლება ბევრი სითხე.

COVID-დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 COVID-სასტუმრო. 16 ოქტომბრის მონაცემებით, ამ სასტუმროებში 1200-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG