Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, მეორე მხარეს კი ნაციონალური მოძრაობა და ვირუსი


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული კოვიდი, 1500 ადამიანის - მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბათუმში 16 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს იყო შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანა იყო.

„ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის შეფასებითაც გუშინდელი აქციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო მეორე მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" და ვირუსი.

„მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

გუშინ , 16 ოქტომბერს, "ნაციონალურმა მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ" ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. ხალხმრავალი აქციის მიზანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაცნობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG