Accessibility links

ზაალ უდუმაშვილი: ბათუმში ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს


ზაალ უდუმაშვილი

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს ბათუმში გამართულ აქციაზე ხალხის ამხელა ნაკადის მისვლას ორგანიზატორები არ ელოდნენ და ამიტომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა:

„მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის, იყო თერმოსკრინინგის აპარატები, იყო პირბადეები, რომლებიც რიგდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა. ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ 5 000-მდე პირბადე იყო დარიგებული, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ ეკეთა პირბადე და ხალხის დიდი ნაკადიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა ყველა ადამიანთან მისვლა და მათი გაფრთხილება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ბათუმის აქციამ ნათელი გახადა, რომ შემდგომ აქციებზე უფრო ორგანიზებულები უნდა იყვნენ, რათა დამატებითი კითხვები არ გაჩნდეს.

რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მისამართით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან გაისმა, აქციის კოვიდპრევენციის წესების დარღვევით ჩატარების გამო. ამ კრიტიკაზე ზაალ უდუმაშვილმა "ქართულ ოცნებას" რამდენიმე კონტრარგუმენტი ჩამოუთვალა:

„სამარცხვინოა "ქართული ოცნების" ლიდერების მითითებები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთი ასეთი მასობრივი შეკრება ვნახეთ "ქართული ოცნების" ორგანიზებით. თუნდაც გავიხსენოთ, ივნისში კიკვიძის ბაღში რა ხდებოდა, ასევე გავიხსენოთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში რა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ დენდროლოგიურ პარკში, სადაც ასეულობით ადამიანი მიჰყავდათ ყოველდღიურად, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, და თუნდაც ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აღდგენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პრესკონფერენციაზე და ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა საარჩევნო უბნებზე აქტიურობისკენ იმისთვის, რათა, მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

გუშინ, 16 ოქტომბერს, ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ბათუმში ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. აქციის მიზანი აჭარის მაჟორიტარი კანდიდატების საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაცნობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG