Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში მორიგი საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან


ბელარუსის ოპოზიციის მომხრეები ემზადებიან მასშტაბური საკვირაო საპროტესტო აქციის გასამართავად მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში.

9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები 71-ე დღეა მართავენ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს.


რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა აქტივისტების მოწოდებები, რომ საპროტესტო მსვლელობა დაიწყოს ქარხნის რაიონიდან და გაგრძელდეს პარტიზანების გამზირზე.


ბელარუსის ხელისუფლებამ წინასწარ დაიჭირა თადარიგი და, როგორც იუწყებიან, დილიდან დაკეტა მეტროს რამდენიმე სადგური. მათ შორის, პირველი მაისისა და პროლეტარების, რომლებიც პირველად დაიხურა მთელი ამ ხნის განმავლობაში.



ტელეგრამის არხის ცნობით, მინსკის ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებმა 18 ოქტომბერს მრავალსართულიან შენობაზე გადმოფინეს ოპოზიციის 71 მეტრის სიგრძის თეთრ-წითელი დროშა, რაც სიმბოლურად ასახავს პროტესტის დაწყების 71-ე დღეს.



დროშის ჩამოსახსნელად მალე შენობასთან გამოჩნდა შავ ფორმებში გამოწყობილი სპეცრაზმი. მაგრამ სახლის მობინადრეებმა დროშა თავად ჩამოხსნეს.

შაბათს, 17 ოქტომბერს, მინსკში გაიმართა ქალებისა და სტუდენტების აქცია, რომელიც მილიციამ რამდენიმე წუთში დაშალა.

დააკავეს სამი ათეული მოქალაქე, მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG