Accessibility links

logo-print logo-print

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას


„გაგრძელდეს ონლაინ სწავლება კავკასიის უნივერსიტეტში“, - ამ მოთხოვნით პეტიცია გაავრცელეს თბილისში მოქმედი ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.

პეტიციის თანახმად, „მიუხედავად ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციისა, კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს სწავლის პროცესის განახლებას აუდიტორიებში და ასევე, შუალედური გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარებას. მიგვაჩნია, რომ განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას, რამეთუ უნივერსიტეტამდე მოსასვლელად მოგვიწევს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ამასთანავე, შეუძლებელია უნივერსიტეტში სრულად ვიყოთ დაზღვეული ვირუსის გავრცელებისგან“.

სტუდენტების განცხადებით, პეტიციის მიზანია გაუქმდეს უნივერსიტეტის გადაწყვეტილება და სწავლება გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში, რადგან სერიოზული საფრთხე ემუქრება სტუდენტებისა, თუ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გარდა ამისა, სტუდენტები მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტმა შესთავაზოს შუალედური გამოცდების ჩატარების ალტერნატიული გზა, ან ქულები ქვიზებზე გადანაწილდეს.

18 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პეტიციას ხელს აწერს 3200-მდე სტუდენტი.

უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 19 ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG