Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა მცხეთაში


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში მთლიანად და ევროპაში კორონავირუსის პანდემია შესულია „გახურებად ფაზაში“ და ის არ დასრულდება ერთსა და ორ თვეში. მისი სიტყვებით, მოსალოდნელია შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი. ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით. ვთქვით ბევრჯერ, რომ ამაზე უკეთესი [პირბადე] არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, 22:00 საათის შემდგომ ქეიფმა გადაინაცვლა მცხეთაში და ა.შ. არ შეიძლება ამის კეთება! ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს! იმიტომ, რომ ამ შეკრებების შემდეგ ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მუშაობას 22:00 საათზე წყვეტენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით, 70-ია. 1 186 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 18 663-ს გაუტოლდა. ბოლო დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 143-მდე მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG