Accessibility links

დეა მეტრეველი: თვალწინ ვკარგავთ გელათის უნიკალურ ძეგლს


დეა მეტრეველი

„ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, საარჩევნო სუბიექტის, „ლელო-მამუკა ხაზარაძის“ საარჩევნო სიის მე-16 ნომერი დეა მეტრეველი კულტურის სამინისტროს გელათის პრობლემის მოგვარების ბერკეტების ხელში აღებისაკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, პრობლემა სცდება ერთი კონკრეტული ორგანიზაციის, კერძოდ, მემკვიდრეობის სააგენტოს კომპეტენციას. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ საჭიროა ძეგლის რესტავრაციაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ:

icomos საქართველოს დასკვნა არის ძალიან საგანგაშო და ჩვენ თვალწინ ვკარგავთ გელათის უნიკალურ ძეგლს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ჩართონ დროულად საერთაშორისო ექსპერტები, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს იმის კომპეტენცია, რომ ამ ტიპის სირთულეების რესტავრაცია ჩვენმა ექსპერტებმა დამოუკიდებლად აწარმოონ“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დეა მეტრეველმა. იგი მოითხოვს, გასაჯაროვდეს ყველა დოკუმენტაცია, რაც გელათის ტაძრის რესტავრაციასთანაა დაკავშირებული.

მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის მონასტრის სარებილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. ბოლო წლების განმავლობაში, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა - დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.

ახლა ტაძარს, სახურავის გამოცვლამდე, დროებით თუნუქით გადახურავენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მიმართავს განცხადებით, დაიწყოს გამოძიება „გელათის“ დაზიანების ფაქტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG