Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და კიდევ 3 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, გარდაცვლილია 78 და 88 წლის სამი მამაკაცი, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო. ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 31 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

აპრილიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3036 შემთხვევა. მათგან 1267 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 31 ადამიანი. დე ფაქტო მთავრობას ადგილობრივ სტატისტიკაში არ შეჰყავს ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანის შემდეგ გარდაცვლილები. ასეთი სულ მცირე 3 შემთხვევაა.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასულ საღამოს დაადასტურეს კორონავირუსით მეორე ადამიანის, 84 წლის კაცის გარდაცვალება. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რესს“ განუცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. სად გარდაიცვალა პაციენტი, მითითებული არ არის. მისი ასაკი და სქესი ემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში 20 ოქტომბერს გარდაცვლილი პაციენტის მონაცემებს.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ COVID-19-ით პირველი პაციენტის, 88 წლის ქალის გარდაცვალება 17 ოქტომბერს დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა 305 ადამიანი და ნახევარი უკვე გამოჯანმრთელებულია.

XS
SM
MD
LG